კონსტანტინოპოლი

კონსტანტინოპოლი (Konstantinoupolis – კონსტანტინეს ქალაქი), რომის (330–395), შემდეგ ბიზანტიის იმპერიის (395–1204; 1261– 1479) დედაქალაქი. ქ. ბიზანტიონის ადგილზე დააარსა რომის იმპ. კონსტანტინე I-მა (306–337) კ. ოფიც. დედაქალაქად გამოცხადდა 330 წ. 11 მაისს. თავდაპირველად ქალაქს უწოდეს ახალი რომი, მაგრამ ეს სახელი ვერ შენარჩუნდა. დედაქალაქის რომიდან კ-ში გადატანა განაპირობა მისმა სიახლოვემ აღმ. პროვინციებთან, რ-თაც სამხ. სტრატეგიული და სავაჭრო თვალსაზრისით, იმ დროს წამყვანი როლი ენიჭებოდათ. კ. ბოსფორის სრუტის ევრ. ნაპირზე, რომის მსგავსად, 7 ბორცვზე იყო გაშენებული. კონსტანტინე I-მა კ-ში მრავალი ანტ. ქანდაკება გადაიტანა. ქალაქის ცენტრში, ავგუსტეონის მოედანზე აშენდა წმ. სოფიას და წმ. ირინეს ეკლესიები. მოგვიანებით, 537, იმპ. იუსტინიანე II-ის დროს წმ. სოფიას ტაძრის ნანგრევებზე აიგო მსოფლიო საქრისტიანოს უდიდესი ტაძარი აია-სოფია. აქვე მდებარეობდა დიდი სასახლე (კაპიტოლიუმი) და იპოდრომი. ქალაქის წყლით მომარაგების მიზნით იმპ. კონსტანტინე I-ის დროს მოეწყო აკვედუკი (წყალსადენი).

კ. უშუალოდაა დაკავშირებული ქართლის გაქრისტიანებასთან. ბიზანტიური ისტ. წყაროებით (გელასი კესარიელი, თეოდორიტე კვირელი, სოკრატე სქოლასტიკოსი) მცხეთაში გასაგზავნი სას. პირები, მ. შ. ქართლის პირველი ეპისკოპოსი იოანე, კონსტანტინოპოლის პირველმა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (325–340) აკურთხა. კ-ს ჯერ კიდევ IX ს-ში ეწვივნენ ილარიონ ქართველი და გრიგოლ ხანძთელი. იოანე მთაწმიდელი ხშირად ჩადიოდა კ-ში ათონის ძმათა საქმეების მოსაგვარებლად. XI ს-იდან სამონასტრო ცხოვრება კ-ში სწრაფად განვითარდა. წყაროებში მოხსენიებულია არაერთი მონასტერი, მ. შ. რომანას ქართველთა მონასტერი, 1204 მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა კ. აიღეს და იგი ლათინთა იმპერიის სატახტო ქალაქად გამოაცხადეს, 1261 ბიზანტიელებმა დაიბრუნეს. 1453 წ. 29 მაისს ქალაქი ოსმალებმა დაიპყრეს, ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადეს და სტამბოლი უწოდეს. 1923-მდე იყო ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი.