კონსტანტინოპოლის საზავო ხელშეკრულება 1030–31, საქართველოსა და ბიზანტიას შორის კონსტანტინოპოლში დადებული ხელშეკრულება გიორგი I-ის ქვრივის (ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის), მარიამ დედოფლის ვიზიტის დროს. აღნიშნული ხელშეკრულებით წერტილი დაესვა ორ ქვეყანას შორის, თითქმის სამწლიან ომს რ-იც განახლდა გიორგი I-ის სიკვდილის (1027) შემდეგ. საქართველოს მხარემ ცნო ბიზანტიის სიუზერენიტეტი, რაც ბაგრატ IV-ისთვის კურაპალატის ტიტულის მინიჭებით გამოიხატა. ამ ზავით მოხერხდა იმპერიასთან გამწვავებული ურთიერთობის დროებითი ნორმალიზება და ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური, სამოკავშირეო ურთიერთობის დამყარება, რ-იც დინასტიური ქორწინებით განმტკიცდა. ბაგრატ IV დაქორწინდა საიმპერატორო სახლის წარმომადგენელ ელენე დედოფალზე. ისტორიოგრაფიაში სხვადასხვაგვარადაა შეფასებული მარიამ დედოფლის კონსტატინოპოლში ვიზიტი და იქ მიღწეული შეთანხმება. ერთი მოსაზრებით (ვ. გაბაშვილი), ეს იყო ქართ. დიპლომატიის მნიშვნელოვანი წარმატება; სხვა შეხედულებით, 1030– 31 საზავო ხელშეკრულება უფრო საქართველოს სამეფო კარზე ბიზანტიური ორიენტაციის გამარჯვების დაფიქსირება იყო, ვიდრე ქართული დიპლომატიის წარმატება. კ. ს. ხ. ხანმოკლე გამოდგა. ელენე დედოფლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ერთბაშად გაუარესდა ურთიერთობა ბიზანტიასთან, რაც ხანგრძლივ კონფრონტაციაში გადაიზარდა.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. I, თბ., 1955; სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა. იქვე.
ლიტ.: კოპალიანი ვ., საქართველოს და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970–1070 წლებში, თბ., 1969; მეტრეველი რ., ქართული დიპლომატიის ისტორია, თბ., 2003; პაპასქირი ზ., ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1970; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, ტ. 1, თბ., 1997; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია წგ. 8, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).