კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, დიპტიქის მიხედვით პირველი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. საპატრიარქოს ადმინისტრაცია, პატრიარქის რეზიდენცია და წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი ფანარში (სტამბოლის რ-ნი) მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, კ. ს. დაარსდა I ს-ში, როდესაც დაახლ. 38 წ. წმ. ანდრია პირველწოდებულმა ქ. ბიზანტიონში თავისი მოწაფე სტაქოსი ეპისკოპოსად აკურთხა. მას შემდეგ, რაც იმპ. კონსტანტინე დიდმა ბიზანტიონის ადგილზე ახალი დედაქალაქი – კონსტანტინოპოლი დააარსა (330), მისი ეკლესიის მნიშვნელობა და გავლენა თანდათან გაიზარდა და 381 იმპ. თეოდოსიუს I-ის მიერ მოწვეული II მსოფლიო საეკლ. კრების (381) მესამე კანონის თანახმად, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი ღირსებით რომის პაპის თანასწორად, თუმცა რიგით მეორედ გამოცხადდა.
ქალკედონიის IV მსოფლიო საეკლესიო კრებამ 451 კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაურს პატრიარქის ტიტული მიანიჭა. დიდი სქიზმის შემდგომ (1054), როდესაც რომის ეკლესია ჩამოსცილდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, კ. ს.-მ. დიპტიქსში პირველი ადგილი დაიკავა.
დღეისათვის კ. ს. 5 მლნ-ზე მეტ მორწმუნეს აერთიანებს. მსოფლიო მასშტაბით არსებობს 63 ეპარქია, დაახლ. 3200 სამრევლო, 20 მონასტერი – აშშ-ში, 32 – ათონისა და საბერძნეთის სხვა რეგიონებში, 8 – ავსტრალიაში; ეპისკოპოსთა რიცხვი – 141. კ. ს-ს შემადგენლობაშია აგრეთვე კრეტის, ფინეთისა და ესტონეთის ავტონ. ეკლესიები. 1991-იდან კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაურია მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი უწმინდესი ბართლომეოსი.
კონსტანტინოპოლისა და ქართული ეკლესიის ურთიერთობა უძველესი დროიდან იწყება. ქართლში ქრისტიანობის სახელმწ. რელიგიად გამოცხადებისთანავე, მეფე მირიანის (IV ს.) თხოვნით, იმპ. კონსტანტინე I-მა მცხეთას მოავლინა ეპისკოპოსი იოანე, ორი მღვდელი და სამი დიაკონი, რ-ებმაც აკურთხეს მცხეთაში აშენებული ეკლესია და აღასრულეს ნათლისღება. ამის შემდგომ ჩვენს ეკლესიებს შორის კავშირი არ გაწყვეტილა. ბიზანტიის ეკლესიის გავლენა განსაკუთრებით ინტენსიური იყო დას. საქართველოში. V– VI სს-იდან მოყოლებული ქართველი საეკლ. მოღვაწეები აღმოსავლეთისაკენ, სირია–პალესტინისკენ ისწრაფოდნენ, IX ს-იდან კი მათ ბიზანტიისაკენ აიღეს გეზი და მისი სამონასტრო კოლონიზაცია დაიწყეს. გრიგოლ ხანძთელმა (759–861) იმოგზაურა კონსტანტინოპოლში და ახლოს გაიცნო იქაური სამონასტრო ცხოვრება; შემდგომ დასავლეთს ეწვია ილარიონ ქართველი (822–875), რ-მაც ქართველთა სავანე დააარსა ოლიმპოში (864). მის სახელთანაა დაკავშირებული კიდევ ერთი ცენტრის – რომანას დაარსება (876). ქართველები ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ კონსტანტინოპოლის სხვა მონასტრებშიც. ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა იყო ათონის ივერთა მონასტერი (980–983), სადაც მრავალი ქართვ. სას. პირი მოღვაწეობდა (იხ. ათონის ივერთა მონასტერი და პეტრიწონის მონასტერი).
ბიზანტიის დაცემის (1453) შემდგომ კ. ს-თან კავშირი შესუსტდა. მიუხედავად ამისა, ქართველი ბერები ათონზე XIX ს-მდე მოღვაწეობდნენ. კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ურთიერთობა განახლდა XX ს. 80-იანი წლებიდან. 1917 საქართველოს ეკლესიის აღდგენილ ავტოკეფალიას კ. ს. არ აღიარებდა. საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევით 1990 წ. 3 მარტს კონსტანტინოპოლის ეკლესიამ აღიარა საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალია. პატრიარქმა დიმიტრიოსმა საქართველოში ჩამოიტანა საეკლესიო დოკუმენტი – ტომოსი. ეკლესიებს შორის მჭიდრო ურთიერთობა დღესაც გრძელდება.
ზ. ეკალაძე