კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუცია.
მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების
მიერ 1921 წლის 21 თებერვალს.

კონსტიტუცია (ლათ. constitutio – აგებულება, დაწესება, მოწყობა, დადგენილება), სახელმწიფოს უზენაესი კანონი, წერილობითი აქტი, რომელშიც გადმოცემულია პოლიტიკურ-სამართლებრივი ერთეულის ძირითადი ორგანიზაციული პრინციპები, ამა თუ იმ დროს მოქმედი ძირითადი შეხედულებებისა და პრაქტიკის ამსახველი უზოგადესი ნორმები.

კ. სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ნიშანია. იგი შეიცავს სახელმძღვანელო პრინციპებს პოლიტიკის, ძალაუფლების შეზღუდვის, ტერიტ. მოწყობის, ადამიანის ძირითადი უფლებების, სასამართლოს, ცენტრ. და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა შექმნის წესის, მათი უფლებამოსილებისა და მსგავსი კატეგორიების შესახებ. კ. არეგულირებს მხოლოდ ფუძემდებლურ და უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ საკითხებს. მიღების წესის მიხედვით განასხვავებენ რეფერენდუმზე და პარლამენტში კ-ის მისაღებად სპეციალურად შექმნილი ორგანოს მიერ მიღებულ კ-ებს; აგრეთვე, დაწერილ და დაუწერელ, მოქნილ (რბილი) და მყარ (ხისტი), რეფერენდუმზე პარლამენტის, მონარქის (ქვეშევრდომებისთვის), ან ყოფილი მეტროპოლიის მიერ კოლონიებისთვის ოქტროირებულ კ-ებს.

დღეისათვის სახელმწიფოთა უმრავლესობას, მ. შ. საქართველოს, აქვს დაწერილი კ. დაწერილი კ-ის თვალსაჩინო ნიმუშია აშშ-ის კ. (1787). იგი დღესაც მოქმედი უძველესი აქტია და შექმნილია სახელმწიფოთა უფლებების, წარმომადგენლობისა და მონობის აკრძალვის საკითხებზე ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიღწეული პოლიტ. კომპრომისის შედეგად. დაუწერელი კ. მოქმედებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში და აერთიანებს როგორც პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებსა და კანონებს (სტატუსებს), ისე პრეცედენტული პრაქტიკის ნიმუშებს.

კ. ცვალებადი დოკუმენტია, რადგან ის მუდმივად უნდა ასახავდეს საზ-ბის მოთხოვნებს, პოლიტიკასა და სამართლებრივ ვითარებას.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია 1921 წ. 21 თებერვალს მიიღო (1918 დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ) საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ. იგი როგორც ფორმით, ისე შინაარსით სრულად პასუხობდა იმდროინდელი დემოკრატიის მოთხოვნებს. ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 თებერვალში განხორციელებული ოკუპაციის გამო, რაც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (სსრ) შექმნით დასრულდა, 1921 წლის კ. სულ რამდენიმე დღე მოქმედებდა. სსრკ-ის შემადგენლობაში ყოფნის დროს საქართველოში მიიღეს 1922, 1927, 1937 და 1978 წლების კ-ები, რ-თა  მიღება სსრკ-ის შესაბამისი კ-ების მიღებას ავტომატურად მოჰყვებოდა.

დღეს საქართველოში მოქმედებს 1995 წ. 24 აგვისტოს საქართველოს კ. თავდაპირველად იგი 109 მუხლისგან შედგებოდა. მას შემდეგ რამდენჯერმე გადაისინჯა. ბოლო მნიშვნელოვანი ცვლილებები 2017–18 წლებში შევიდა, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, ახალ კ-დ ჩამოყალიბდა. მოქმედი რედაქცია 78 მუხლს შეიცავს და მასში პირველად გამოცხადდა, რომ საქართველო სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოა.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით აღიარებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი სტატუსი.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ენად, ქართულთან ერთად, გამოცხადებულია, აგრეთვე, აფხაზური. კონსტიტუციითვე განსაზღვრულია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ, საქართველოს ტერიტ. სახელმწიფოებრივი მოწყობა გადაისინჯება საქართველოს კონსტიტუციური კანონით. ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი; სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან.

იხ. აგრეთვე საქართველოს კონსტიტუცია.

ა. დემეტრაშვილი

ი. უჯმაჯურიძე