კონსტიტუციური სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ფორმა, რომლის საფუძველზეც საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს. კერძოდ, იღებს გადაწყვეტილებებს ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის, ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების უფლებამოსილების, საერთაშ. ხელშეკრულების კონსტიტუციურობის, პოლიტ. პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის, რეფერენდუმის ან არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
კ. ს-ი შედგენილ უნდა იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით. სასამართლოსთვის კ. ს-ით მიმართვის უფლება აქვთ: პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველს, საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. კ. ს-ზე გადახდილ უნდა იქნეს სახელმწიფო ბაჟი.
კ. ს-ი გამო საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, განჩინებას, ან საოქმო ჩანაწერს.
ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შესახებ კ. ს-ის წარდგენისას მოპასუხეა ის ორგანო, რ-ის ნორმატიული აქტის გამოც არის შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი. არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ კ. ს-ის წარდგენისას მოპასუხეა საარჩევნო კომისია. მოქმედი საერთაშ. ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ კ. ს-ის წარდგენის შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი ან საერთაშ. ხელშეკრულების დამდები ორგანო/თანამდებობის პირი ან მისი უფლებამონაცვლე. სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციის ფარგლების შესახებ კ. ს-ის შეტანისას მოპასუხეა ის სახელმწიფო ორგანო, რ-ის ნორმატიულმა აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევა.
წყარო: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, თბ., 1995.