კონსტიტუციური წარდგინება

კონსტიტუციური წარდგინება, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ფორმა, რომელსაც კანონმდებლობით განსაზღვრული სუბიექტები წარუდგენენ საკონსტიტუციო სასამართლოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კ. წ-ით მიმართვის უფლება აქვთ: მოსამართლეს (მოსამართლეთა შემადგენლობას), საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და  საქართველოს პარლამენტს (პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს).

კ. წ-ით მიმართვის ფორმა ძირითადად გამოიყენება საერთო  სასამართლოს მოსამართლეების მიერ,  იმ შემთხვევაში, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლოს გაუჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს, შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ. საკონსტიტუციო სასამართლო საერთო სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იხილავს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც კონკრეტული საქმის განხილვისას უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ. სასამართლოში საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.

კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კ. წ-ით მიმართვის უფლება ასევე აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,  საქართველოს კონსტიტუციის მე-6 თავის (რომლითაც სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის შექმნისა და უფლებამოსილების ფუნდამენტური საკითხებია მოწესრიგებული) ნორმებთან  ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხზე.

კ. წ-ის ავტორი არ არის უფლებამოსილი, უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა.

კ. წ-ით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართავს საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედი, საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ.  საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შეტანის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საქართველოს პარლამენტი ასევე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კ. წ-ით საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის შესამოწმებლად, ამ პირთა მიმართ  იმპიჩმენტის პროცედურის მიმდინარეობისას. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით  თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის დადასტურებისას, პარლამენტი კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის  გადაყენების საკითხს.

წყარო: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონ

სტიტუციო სასამართლოს შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“, თბ., 1995.