კონსული

კონსული (ლათ. consul), 1. ძვ. რომში ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა (მაგისტრატურა). ცენტურიატულ კომიციაზე ირჩევდნენ ორ კ-ს ერთი წლის ვადით. ტრადიციის მიხედვით, ორი კ-ის კოლეგია დაარსდა მეფე ტარკვინიუს ამაყის გაძევების შემდეგ ძვ. წ. 510-509. თავდაპირველად, კ-ებს პატრიციების, ხოლო ძვ. წ. 367–366-იდან – პლებეების რიგებიდან ირჩევდნენ. კ. აღჭურვილი იყო უმაღლესი სამოქალაქო და სამხ. ძალაუფლებით. აგროვებდა (თითოეული – 2 ლეგიონს) და წინამძღოლობდა ჯარს, იწვევდა სენატს და კომიციებს, ნიშნავდა დიქტატორებს, ატარებდა აუსპიციუმებს. 366-იდან სამოქალაქო სამართლის საქმეებს განაგებდნენ კ-ის უმცროსი კოლეგები – პრეტორები. კ-თა შორის აზრთა სხვადასხვაობისას მიმართავდნენ კენჭისყრას. საგანგებო მდგომარეობის დროს სენატი კ-ს განუსაზღვრელ რწმუნებულებას ანიჭებდა. კ-ის თანაშემწეები იყვნენ კვესეტორები. კ. ატარებდა ტოგას, რ-საც ფართო მეწამული არშია ჰქონდა და 12 ლიქტორი ახლდა. იმპერიის დროს კ-მა დაკარგა რეალური ძალაუფლება და ეს თანამდებობა საპატიო ტიტულად დარჩა; კ-თა რიცხვი იმპერატორთა ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული.

2. თანამდებობის პირი, რ-იც ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმოადგენს და იცავს საქართველოს ფიზიკური პირებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდ. პირების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე საქართველოს სახელმწ. ინტერესებს. საკონსულო დაწესებულებებია საქართველოს გენ. საკონსულო, საქართველოს საკონსულო, საქართველოს ვიცე-საკონსულო და საქართველოს საკონსულო – სააგენტო. თითოეულ დაწესებულებას ხელმძღვანელობს შესაბამისი პირი. გენერალურ საკონსულოს ხელმძრვანელობს გენ. კონსული, საქართველოს საკონსულოს – კონსული, საქართველოს ვიცე-საკონსულოს – ვიცე-კონსული, ხოლო საქართველოს საკონსულო სააგენტოს – საკონსულო აგენტი. საკონსულო თანამდებობის პირის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წ. 24 აპრილის კონვენციით; საკონსულო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, აგრეთვე საქართველოს საერთაშ. ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საერთაშ. სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საერთაშ. ჩვეულებითი სამართალი, საქართველოს კანონი „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ და საქართველოში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტები.

მ. კლდიაშვილი