კონტინენტური შელფი, სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებს მიკუთვნებული ზღვის ფსკერის ტერიტორია თავისი წიაღისეულით, რომელზეც მოსაზღვრე სახელმწიფო ახორციელებს სუვერენულ უფლებას ბუნებრივი რესურსების შესწავლისა და გამოყენებისათვის.
კ. შ-ის ცნება ჩამოყალიბებულია გაეროს 1982 კონვენციაში საზღვაო სამართლის შესახებ. კ. შ. ამ კონვენციის დებულებების მსგავსად არის განმარტებული საქართვ. კანონმდებლობაშიც. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კ. შ. არის ზღვის ფსკერი, რ-იც ვრცელდება სახმელეთო ტერიტორიის მთელ ბუნებრივ სიგრძეზე ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვრამდე 200 საზღვაო მილის მანძილზე ან ვრცელდება არაუმეტეს 200 საზღვაო მილის მანძილზე იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რ-ებიდანაც ხდება ტერიტ. წყლების ათვლა, თუ ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვარი არ ვრცელდება ამ მანძილზე. ცალკეულ შემთხვევებში კ. შ-ის გარე საზღვარი დგინდება მოსაზღვრე ან მოპირდაპირე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშ. ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.
საქართველოს კ. შ-ის რესურსია ზღვის ფსკერზე და მის წიაღში არსებული წიაღისეული, აგრეთვე სხვა არაცოცხალი რესურსი. მას მიეკუთვნება შავი ზღვის შესაბამისი ნაწილის ფსკერის ქვეშ არსებული დედამიწის ქერქის ნაწილი, რ-ის შესწავლა და გამოყენება შესაძლებელია თანამედროვე მეცნ.- ტექ. საშუალებებით.
საქართვ. კონსტიტუციის თანახმად, კ. შ-ის სტატუსის განსაზღვრა და მისი დაცვა (ანუ inter alia), მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწ. ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება. კ. შ., როგორც სახელმწიფო ქონება, არ ექვემდებარება პრივატიზებას.
კ. შ-ის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის დაწესებულია მოსაკრებელი, რ-ის ოდენობა განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით.
იხ. აგრეთვე საერთაშორისო საზღვაო სამართალი.
ი. უჯმაჯურიძე