დროებითვალდებული გლეხები

დროებითვალდებული გლეხები, კატეგორია ყოფილი საბატონო გლეხებისა, რ-ებიც 1861 წ. 19 თებ. დებულებით გათავისუფლდნენ ბატონყმური დამოკიდებულებისაგან, თუმცა თავდაპირველად არ ჰქონდათ მიწის გამოსყიდვის უფლება.

დ. გ. მემამულის მიწით სარგებლობისათვის იხდიდნენ ფეოდ. გადასახადებს (ღალას ან ბეგარას). გამოსყიდვის ვადა არ იყო დადგენილი, მემამულეს მათ მიმართ დიდი უფლებები რჩებოდა. დ. გ-ის კატეგორია საქართველოში გაჩნდა 1864–71 რეფორმების შედეგად. დროებითვალდებულებაში მოექცა დაახლ. 64 ათ. კომლი გლეხი.

აღმ. საქართვ. დ. გ. კომლზე საშუალოდ 3,7 ჰა მიწას ფლობდნენ, დას. საქართველოში – 2 ჰა-ს. XIX–XX სს. მიჯნაზე მთელი შემოსავლის 25%-ს გლეხი მემამულეს აძლევდა. გამოსასყიდი ფასი მეტად მაღალი იყო, რაც აფერხებდა დ. გ-ის მესაკუთრეთა კატეგორიაში გადასვლის პროცესს. რეფორმიდან 1904-მდე მესაკუთრეთა კატეგორიაში გადავიდა 39 ათ. კომლი გლეხი, რ-თაც 165 ათ. ჰა მიწის გამოსყიდვა 9 მლნ. მან. დაუჯდათ. 1910-თვის დროებითვალდებულად ითვლებოდა 32 ათ. კომლი გლეხი.

1912 წ. 20 დეკ. გამოიცა კანონი დროებითვალდებულების გაუქმების შესახებ, რ-ის თანახმად – გლეხებს შეეძლოთ მიწის გამოსყიდვა. გამოსასყიდი თანხა მემამულეებს სახელმწ. ხაზინამ გადაუხადა და იგი სესხად გლეხობას დააწერა. მართალია, გლეხები გათავისუფლდნენ მემამულეებისათვის მისაცემი ღალა-კულუხისაგან, მაგრამ, სამაგიეროდ, ხაზინის მოვალეები გახდნენ.

სესხისა და მისი სარგებლის დასაფარავად ყოველწლიურად უნდა გაეღოთ გარკვეული რაოდენობის თანხა, რ-იც ძვ. ვალდებულებაზე არანაკლებ მძიმე გადასახდელი იყო.

ლიტ.: ა ვ ა ლ ი ა ნ ი  ს., დროებითვალდებულ გლეხთა განთავისუფლება საქართველოში, «ცხოვრება და მეცნიერება », 1914, №1; ა ნ თ ე ლ ა ვ ა  ი., გ უ ჩ უ ა  ვ., საქართველოში სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (რეფორმის შემდეგდროინდელი ხანა). ნარკვევები, თბ., 1967; ბ ე ნ დ ი ა ნ ი შ ვ ი ლ ი  ა., აგრარული ურთიერთობანი საქართველოში 1890–1917 წწ., თბ., 1965; Г у г у ш в и л и  П. В. (сост.), Сельское хозяйство и аграрные отношения. Источники и материалы, т. 4, Тб., 1955.

ა. ბენდიანიშვილი