კონფლიქტოლოგია, სოციალური მეცნიერებების ერთ-ერთი დისციპლინა. კ. იკვლევს კონფლიქტების წარმოშობის, განვითარების, გადაწყვეტისა და დასრულების წყაროს, თავისებურებებსა და კანონზომიერებას, შეისწავლის პრობლემების იმ წრეს, რ-იც წარმოშობს კონფლიქტებს და შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის გზებს კონკრეტული კონფლიქტის არსისა და სპეციფიკის გათვალისწინებით. კონფლიქტის საერთო თეორიის ერთ-ერთ მთავარ ფუძემდებლად მიიჩნევა კ. მარქსი, რ-მაც თავის ნაშრომებში განავითარა მოძღვრება კლასებს შორის უთანასწორობის, სოც. დაპირისპირებისა და ცვლილების შესახებ. მარქსი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა სოც. კონფლიქტის ისეთ წინაპირობებზე, როგორიც არის შერჩევითი მართლმსაჯულება, ქონებრივი უთანასწორობა და სხვ. კ-ის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით გერმ. ფილოსოფოსსა და სოციოლოგს – გ. ზიმელს და ამერ. სოციოლოგ ლ. კოზერს.
თეორიულად გამოიყოფა კონფლიქტის გაგების ორი ძირითადი მიმართულება: პირველი კონფლიქტის ცნებას უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს და მას ნებისმიერი ტიპის დაპირისპირებად მიიჩნევს როგორც ცოცხალ, ისე არაცოცხალ ძალებს შორის. ამდენად, აქ კონფლიქტის ცნება გაიგივებულია დაპირისპირების ზოგად ცნებასთან და მისი სუბიექტების წრე განუსაზღვრელია. მეორე მიმართულება კი კონფლიქტს განიხილავს როგორც საპირისპირო ინტერესების, მოსაზრებებისა და პოზიციების მიზანმიმართულ დაპირისპირებას. აქ კონფლიქტის სუბიექტები შეიძლება იყვნენ როგორც ცალკეული ადამიანები, ისე ადამიანთა ჯგუფები. ეს უკანასკნელი შეისწავლის პირად, პოლიტიკურ, სამხედრო, ეთნიკურ, რელიგიურ და სხვ კონფლიქტებს, რ-ებიც სოც. კონფლიქტების ჯგუფში ერთიანდება.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით კ. დამოუკიდებელი სამეცნ. დარგია, ის კონფლიქტებს ინტერდისციპლინურსა და მულტიდისციპლინურ კონტექსტში იკვლევს. ამგვარად, კ. მჭიდრო კავშირშია ისეთ მეცნიერებებთან, როგორიცაა სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, გეოპოლიტიკა, პოლიტოლოგია, ისტორია, სამართალი, ეკონომიკა და სხვ. მიუხედავად კონფლიქტთა ტიპებისა და ჯგუფების გამოყოფისა, კ. კონფლიქტებს კომპლექსურად შეისწავლის. მიიჩნევა, რომ პიროვნული და სოც. კონფლიქტები მჭიდრო კავშირშია და განაპირობებს კიდეც ერთმანეთს. ამდენად, სოც. კონფლიქტების მოტივებისა და თავისებურებების გამოსარკვევად, ადამიანის პიროვნული, შინაგანი კონფლიქტების სოც.- ფსიქოლ. და ფილოს. კვლევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოში კ. ახალი სამეცნ. დარგია. ის განსაკუთრებით აქტუალური გახდა XX ს. 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლისა და რუსეთის ფედერაციის მიერ გაღვივებული კონფლიქტების კვალდაკვალ. ამ დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის კონფლიქტოლოგ გ. ხუციშვილს, რ-საც ეკუთვნის პირველი ქართულენოვანი გამოკვლევები სამხ.-პოლიტ. და ეთნიკური კონფლიქტების შესახებ. იგი წლების განმავლობაში გამოსცემდა ჟურნ. „კონფლიქტებსა და მოლაპარაკებებს“, ხოლო 1994, მისი თაოსნობით დაარსდა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშ. კვლევითი ცენტრი; კ-ის პრობლემებს დღეისათვის საქართველოში ფართოდ შეისწავლიან სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საექსპერტო ცენტრებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.
ლიტ.: გალტუნგი ი., კონფლიქტის ტრანსფორმაცია მშვიდობიანი გზით, მთარგმ. თ. ასათიანი, თბ., 2000; სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი, თბ., 2004; A u g s b u r g e r D., Conflict mediation across cultures, Louisville, Kentucky, Westminster/ J, 1992; Coser L. A., The Functions of Social Conflict, Free Press, 1956; P o w e l l W. W., Conflict and Consensus: a festschrift in honor of Coser L. A., Free Press, 1984.
გ. ხუროშვილი