კოოპერაცია (ლათ. cooperatio – თანამშრომლობა), ადამიანთა ერთობლივი შრომითი საქმიანობის უძველესი და უნიკალური ფორმა, რომლის წევრებსაც საერთო ეკონომიკური და სოციალური ინტერესები გააჩნიათ და ამ მიზნით ეწევიან სამეურნეო-სამეწარმეო საქმიანობას. თეორიასა და პრაქტიკაში კ. განიხილება როგორც 1. შრომის ორგანიზაციის ფორმა, რ-ის დროსაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა ერთობლივად მონაწილეობს შრომის ერთნაირ ან განსხვავებულ, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ პროცესებში; 2. უმთავრესად წვრილ და საშ. მეწარმეთა ორგანიზაციულად და კანონმდებლობის შესაბამისად ნებაყოფლობით დაფუძნებულ გაერთიანებათა ერთობლიობა სამეწარმეო საქმიანობის სხვადასხვა დარგში.
კოოპერაციული მოძრაობის წარმოშობას ხელი შეუწყო კაპიტალ. მსხვილი მანქანური წარმოების აღმოცენებამ და სენ-სიმონის, შ. ფურიეს (ორივე საფრანგეთი) და განსაკუთრებით რ. ოუენის (დიდი ბრიტანეთი) შეხედულებებმა ალტერნატიული საზ-ბის მოწყობის თაობაზე (მათ სოციალისტ-უტოპისტებსაც უწოდებენ).
პირველი მომხმარებელთა საზ-ბა – კოოპერატივი – შეიქმნა შოტლანდიაში 1769, ხოლო 1844 ინგლისში, როჩდეილში დაარსდა კლასიკური ფორმის ნამდვილი სამომხმარებლო კოოპერატივი, რ-საც ხელმძღვანელობდა რ. ოუენის მოწაფე და მისი იდეების პოპულარიზატორი ვ. კინგი. მასში გაერთიანდნენ წვრილი ხელოსნები, მეთევზეები, საფეიქრო და მომიჯნავე საწარმოთა მუშები.
ინგლისის მსგავსად, პირველი კოოპერაციული მომხმარებელთა საზ-ბები (კოოპერატივები) აღმოცენდა და მათი რაოდენობა სწრაფად გაიზარდა საფრანგეთში (1848-იდან), იტალიაში (1853- იდან), გერმანიაში (1854-იდან), რუსეთში (1864-იდან). კ-ის სახეებია: საწარმოო კ., სამომხმარებლო კ., საბინაო კ., სარეწაო კ., სას.- სამ. კ., საკრედიტო კ. და სხვ. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კ. უმთავრესად სამომხმარებლო კოოპერაციის – საქონლის ბითუმად შემძენი და საცალო ქსელით რეალიზაციის – სახით ჩამოყალიბდა.
კოოპერაციული მოძრაობის სწრაფი განვითარებისა და გავრცელების პროცესის შედეგად მრავალ ქვეყანაში შეიქმნა ეროვნ. კოოპერაციული გაერთიანებები და კავშირები.
საქართველოში პირველი კოოპერაციული ორგანიზაცია – „მომხმარებელთა საზოგადოება“ – დაარსდა თბილისში 1869, რ-იც 1870 წ. 1 ოქტომბრიდან შეუდგა საქმიანობას „ბერეჟლივოსტის“ (ქართ. – „მომჭირნეობა“) სახელწოდებით. 1877 დაარსდა საგარეჯოს „დამზოგველ-მომხმარებელთა საზოგადოება“. სულ მალე ანალოგიური მომხმარებელთა საზ-ბები შეიქმნა თიანეთში, მაჩხაანში და სხვაგან. მეორენაირად მათ რუს. სახელწოდების („Добровольное единое потребительское общество“) პირველი ასოების მიხედვით „დეპოს“ უწოდებდნენ. ამ პერიოდში კ-ის განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა ი. ჭავჭავაძემ, აგრეთვე გ. წერეთელმა, ა. ფურცელაძემ, ს. მესხმა, ა. ცხვედაძემ, დ. ნადირაშვილმა და სხვებმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამომხმარებლო კოოპერატივების ეროვნ. კავშირის ჩამოყალიბებამდე, 1916 წ. 14 მაისს დაფუძნდა საქართვ., აზერბ. და სომხ. კოოპერაციული საზ-ბების კავშირი – „ზაკსოიუზი“. 1919 წ. 23–29 მაისს თბილისში გაიმართა საქართვ. პირველი კოოპერაციული კრება, რ-მაც განიხილა „ზაკსოიუზის“ რეორგანიზაციის საკითხი, რის შემდეგაც შეიქმნა საქართვ. სამომხმარებლო კოოპერაციულ ორგანიზაციათა ცენტრ. კავშირი – ცეკავშირი. 1919 წ. 9–14 ოქტომბერს კოოპერატორთა ყრილობამ მიიღო ცეკავშირის წესდება, რაც იმავე წლის 13 ნოემბერს დაამტკიცა და რეესტრში შეიტანა თბილ. საოლქო სასამართლომ. ცეკავშირი გაფორმდა როგორც იურიდ. პირი. გამგეობის თავ-რედ აირჩიეს ე. დარჩია, რ-იც ადრე „ზაკსოიუზის“ თავ-რე იყო და წლების განმავლობაში სათავეში ედგა სამომხმარებლო კ-ს. 1922 ნოემბერში, ცეკავშირის III ყრილობაზე, გამგეობის თავ-რედ აირჩიეს მ. ტოროშელიძე. საქართვ. ეროვნ. სამომხმარებლო კ-ის ამოცანა იმთავითვე ასე განისაზღვრა: მეპაიეთა და, საერთოდ, მშრომელთა სოც.-ეკონ. პირობების გაუმჯობესება თავისუფალი ვაჭრობისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის, ქალაქსა და სოფელს შორის ურთიერთკავშირის განმტკიცებისა და ჩარჩ-ვაჭრებისგან გლეხობის ინტერესების დაცვის გზით.
საქართვ. სამომხმარებლო კ-მ, რ-იც ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, რთული გზა განვლო. 1920–27 იგი საერთაშ. კოოპერაციული ალიანსის (სკა, დაფუძნდა 1895 ალიანსის I კონგრესზე ლონდონში) წევრი იყო, საიდანაც (საბჭ. კავშირის სხვა რესპუბლიკების მსგავსად) გამოიწვიეს „ცენტროსოიუზის“ ალიანსში წევრად მიღების გამო და ალიანსის ღონისძიებებში მონაწილეობდა როგორც „ცენტროსოიუზის“ (რუსეთის ეროვნ. კოოპერაციული კავშირი) წევრი. 1919–20 „ცენტროსოიუზის“ თავ-რე იყო ა. ლეჟავა.
საერთაშ. კოოპერაციულ ალიანსში საქართველოს აღდგენა 1992 ოქტომბერში, ალიანსის XXX კონგრესზე, ტოკიოში მოხდა.
საქართვ. სამომხმარებლო კ. – ცეკავშირი – XX ს. 90-იანი წლების დასაწყისისათვის ქვეყნის მოსახლეობის 52%-ს უწევდა სავაჭრო და კვებით მომსახურებას. მისი ხვ. წ. ქვეყნის მთლიან საქონელბრუნვაში 33%-ს შეადგენდა (2,5 მლრდ. მანეთი). სისტემაზე მოდიოდა ქვეყნის საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტების 53%. ჰქონდა სამრეწვ., დამზადება-შესყიდვის, სასწ. და სამეცნ. მომსახურების საწარმოები და დაწესებულებები, ტურიზმისა და დასვენების ობიექტები, რ-ებშიც დასაქმებული იყო 80 ათასზე მეტი მუშაკი. ცეკავშირის გამგეობას სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდნენ პარტ. და სამეურნ. მოღვაწეები: ე. დარჩია, მ. ტოროშელიძე, ვ. ჯიბლაძე, ნ. მაისურაძე, მ. ნარსია, ლ. რუხაძე, ზ. კეცხოველი, პ. ცაგარეიშვილი, ნ. ჯავახაძე, კ. შავიშვილი, რ. კონცელიძე და სხვ.
დაარსებიდანვე ცეკავშირი, ტრადიციულად, სოლიდურ საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა. მან მნიშვნელოვანი თანხები გამოუყო ახლად დაარსებულ თსუ-ს, ჭიათურის დრამ. საზ-ბას, ზუბალაშვილების სახალხო სახლს; კ-ის ფულადი სახსრებით დაარსდა საოპერო სტუდია; შეიძინეს კინოატელიე ბელგიელი კომერსანტისგან; გაეწია დახმარება გ. ჯაბადარის დრამ. სტუდიას, სადაც მოღვაწეობა დაიწყეს მსახიობებმა ვ. ანჯაფარიძემ, ა. ვასაძემ და სხვებმა. ცეკავშირის „მუშკოოპთეატრის“ ბაზაზე (ხელმძღვ. მ. ჭიაურელი) 30-იან წლებში დაარსდა ვ. აბაშიძის სახ. თბილ. მუს. კომედიის თეატრი და სხვ.
1997 მაისში მიიღეს საქართვ. კანონი „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“, რ-მაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამომხმარებლო კოოპერაციის, როგორც სისტემის, შენარჩუნებაში, თუმცა მან მაინც ვერ დაიმკვიდრა სათანადო ადგილი საბაზრო ეკონომიკის კონკურენტულ გარემოში, დაეცა მისი როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონ. ცხოვრებაში.
თანამედროვე პირობებში საქართველოში სწრაფად ვითარდება კოპერატივების ქსელი. მაგ., მათი რიცხოვნობა 2020 წელს 2015-თან შედარებით 1,3-ჯერ გაიზარდა და 5470 შეადგინა, რასაც ხელი შეუწყო მრავალი სახის სახელმწ.
პროექტისა და პროგრამის განხორციელებამ, შეღავათიანმა საკრედიტო-საგადასახადო პოლიტიკამ და სხვა დახმარებისა და მხარდაჭერის სამთავრობო ღონისძიებებმა.
კ-ის განვითარების თეორ. და პრაქტ. საკითხებს მიუძღვნეს თავიანთი გამოკვლევები შ. გოგებაშვილმა, ა. ერქომაიშვილმა, კ. კანდელაკმა, პ. კოღუაშვილმა, რ. კრიჭინაშვილმა, ს. მოსიძემ, ნ. ჭავჭანიძემ, ნ. ხუციშვილმა, გ. ჯულაყიძემ, გ. ჯუღელმა და სხვ.
ლიტ.: გოგებაშვილი შ., სამომხმარებლო კოოპერაციის ორგანიზაცია და პრაქტიკა, ტფ., 1925; მისივე, კოოპერაციის თეორია და ისტორია, ტფ., 1925; კანდელაკი კ., კოოპერაცია: თეორია, ისტორია და პრაქტიკა, ტფ., 1909; მოსიძე ს., კოოპერაცია საქართველოში, ნაწ. 1, თბ., 2001; ჭავჭანიძე ნ., სამომხმარებლო კოოპერაციის აღმოცენება და განვითარება საქართველოში, თბ., 1979; ჭუმბურიძე მ., კოღუაშვილი პ., კოოპერაცია: რეტროსპექტივა და პერსპექტივა, «ეკონომიკა და ბიზნესი», 2014, №2; ჯუღელი გ., კოოპერატივიზმი, ქუთ., 1915; Чумбуридзе М., Формирование кооперативного законодательства в Грузии, კრ.: Кооперативы в условиях переходного периода, М., 2002.
მ. ჭუმბურიძე