კოპალეიშვილი თეიმურაზ ისაკის ძე

თ. კოპალეიშვილი

კოპალეიშვილი თეიმურაზ ისაკის ძე (30. I. 1930, სამტრედია, –19.II.2019, თბილისი), ფიზიკოსი-თეორეტიკოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (1993, წ.-კორ. 1979), ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1976). სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1977). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1953). 1958–61 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზ. ინ-ტში (2006-იდან – თსუ-ის ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინსტიტუტი), 1961-იდან – თსუ-ში, 1964-იდან – იქვე ბირთვული ფიზ. პრობლემური ლაბორ. (1979-იდან – თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი,) განყ-ბის გამგედ. 1974–87 იყო (შეთავსებით) თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზ. კათედრის გამგე, 1987-იდან – ელემენტარული ნაწილაკების ფიზ. კათედრის პროფესორი.

კ-ს დიდი წვლილი მიუძღვის ქართვ. ფიზიკოსების აღზრდაში, დუბნის ბირთვული კვლევების საერთაშ. ინ-ტთან (JINR) თსუ-ის თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ეწეოდა აქტიურ პედ. მოღვაწეობას თსუ- ში, იყო ამავე უნ-ტში მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი.

კ-ის შრომები ეხება შუალედური ენერგიების კვანტებისა და მეზონების ურთიერთქმედებას ატომბირთვებთან, ჰადრონთა კვარკულ სტრუქტურას და სხვ. ბირთვის გარსული მოდელის ჩარჩოებში მან იწინასწარმეტყველა მეზონების შთანთქმის წყვილური ნუკლონური მექანიზმი, რაც შემდგომ დადასტურდა ექსპერიმენტულად; რელატივისტური კვაზიპოტენციალური მიდგომის საფუძველზე აღწერა პიონ-დეიტრონული გაბნევის პროცესი, ასევე კვარკების ბმული მდგომარეობები ბარიონებსა და მეზონებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 2 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო. მიღებული აქვს პ. მელიქიშვილისა (1973) და ნ. მუსხელიშვილის სახ. (1988) პრემიები, ასევე სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: დაჯახებათა თეორიის საფუძვლები, თბ., 1975; გამოც. მე-2, თბ., 1999; Структура легких ядер и процессы поглощения π±-мезонов и γ-квантов, Тб., 1967; Вопросы теории взаимодействия пи-мезонов с ядрами, М., 1984.

ი. ლომიძე