კოპალიანი ჯუმბერ დავითის ძე

კოპალიანი ჯუმბერ დავითის ძე (დ. 1. XI. 1939, სოფ. ქულბაქი, ცაგერის მუნიციპ.), არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1967). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტში (1973–78), 1980-იდან – არქეოლოგიური კვლევის ცენტრში წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, 1981-იდან – დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის მოადგილედ, ხოლო 1993-იდან – ამავე ექსპედიციის ხელმძღვანელად, 1996–2006 – არქეოლ. კვლევის ცენტრის ფილიალის, დმანისის ისტ.-არქეოლ. განყ-ბის ხელმძღვანელად, 2007–11 – დმანისის კულტურის ცენტრის დირექტორად. პარალელურად, 1990-იდან იყო თავისივე დაარსებული დმანისის დრამ. თეატრის დირექტორი, 2007-იდან კი დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მისივე ინიციატივით შექმნილი არქეოლ. ექსპოზიციის ხელმძღვანელი. ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უნ-ტში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, მ. შ. წიგნები: „მოურავის ინსტიტუტი ფეოდალურ საქართველოში“ (1974), „დმანისის ციხე“ (1996), „ქვეშის ციხე“ (1999), „დმანისის ნაქალაქარი“ (2017, ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა). მის მიერ მომზადდა და მისივე რედაქტორობით გამოქვეყნდა სამეცნიერო კრებული „დმანისი“ (5 ტ., 2006, ქვემო ქართლის ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეპიგრაფიკული ძეგლები და სხვა).

მიღებული აქვს ე. თაყაიშვილის სახ. პრემია (1998), ღირსების ორდენი (2002). არის ლეჩხუმისა და დმანისის საპატიო მოქალაქე.