კოპერნიკი (Kopernik, Copernicus) ნიკოლაუს

კოპერნიკი (Kopernik, Copernicus) ნიკოლაუს [(19. II. 1473, ტორუნი, – 24. V. 1543, ფრომბორკი)], პოლონურ–გერმანული წარმომავლობის მოღვაწე, ასტრონომი, სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის შემქმნელი, მათემატიკოსი, მექანიკოსი, ექიმი, ეკონომისტი, ეკლესიის კანონიკი. კ-მა სახელი გაითქვა როგორც ჰელიოცენტრული სისტემის პირველი მეცნიერულად დასაბუთებული სურათის ავტორმა, რამაც დასაბამი მისცა პირველ სამეცნიერო რევოლუციას.

კ-ის ჰელიოცენტრულმა თეორიამ მარტივად და დამაჯერებლად ახსნა ის დაკვირვებითი კანონზომიერებები, რ-ებიც კ. პტოლემეოსის (ახ. წ. დაახლ. 100–170, რომის ეგვიპტე) გეოცენტრულ თეორიაში ეპიციკლებისა და დეფერენტების ძალზე ჩახლართული სისტემით აიხსნებოდა.

კ-ის თეორიის მთავარი ჰიპოთეზის თანახმად, დედამიწა (მის გარშემო მოძრავ მთვარესთან ერთად), სხვა პლანეტებივით, წრიულ ორბიტაზე ბრუნავს უძრავი მზის გარშემო; მზის ხილული წლიური გადაადგილება ზოდიაქოს სარტყელში სწორედ ამ მოძრაობით აიხსნება. მზის დღეღამური გადაადგილება ცაზე აიხსნება დედამიწის ბრუნვით დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ საკუთარი ღერძის გარშემო, 24 სთ პერიოდით.

კ-ის სახელი ეწოდა 112-ე ქიმიურ ელემენტს (კოპერნიციუმი), კრატერებს მთვარესა და მარსზე, მცირე პლანეტას (1322); ცნობილია კ-ის პრინციპი – არც დედამიწას და არც მზეს არ უკავია განსაკუთრებული ადგილი სამყაროში.

საქართველოში კ-ის სახელი პირველად ანტონ I-მა (1720–88) მოიხსენია „სწავლათა კიდობანში“ (1818 ითარგმნა რუსულად).

ლიტ.: ჯიქია დ., კვირკველია გ., კოპერნიკის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1973; Амбарцумян В. А., Коперник и современная астрономия, «Вестник Академии наук СССР», 1973; № 5; S h e i l a  R a b i n, Nicolaus Copernicus in Stanford Encyclopedia of Philosophy, 2019, Sep 13.

ი. ლომიძე