კორადინი გეორგ (გიორგი)

გ. კორადინი. გ. ერისთავის პიესა "გაყრა". სცენა სპექტაკლიდან. 1850

კორადინი გეორგ (გიორგი) (დ. წ. უცნობია, – გ. 1891, სანქტ-პეტერბურგი), იტალიელი მხატვარი, ქ. ლუკას მკვიდრი. ძირითადად მუშაობდა დაზგურ გრაფიკაში აკვარელის ტექნიკით. თბილისში ჩამოვიდა XIX ს. 40-იან წლებში. სავარაუდოდ, 1847–53 ხატვასა და სუფთა წერას ასწავლიდა თბილ. გიმნაზიაში. რუსეთის ჯარში მსახურობდა ოფიცრად. მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853–56). 1871 გადადგა სამხედრო სამსახურიდან და გაემგზავრა იტალიაში, თუმცა მოგვიანებით ისევ რუსეთში დაბრუნდა.

როგორც მხატვარი, კ. ოსტატურად ფლობდა აკვარელის ტექნიკას, ქმნიდა ცნობილი ისტ. პირების, კავკასიის მთიელთა, ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის (სადაც მსახურობდა) ოფიცერთა პორტრეტებს, აკეთებდა ეთნოგრ. ჩანახატებს. სამწუხაროდ, მისი ნამუშევრების უმეტესობა დაკარგულია. კ-ის ორი მინიატიურა დაცულია საქართვ. გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმში. ერთზე გამოსახულია ერეკლე II-ის ქალიშვილი თეკლე, ხოლო მეორეზე – მისი მეუღლე ვახტანგ ორბელიანი. ორივე მინიატიურა ხელმოწერილია მხატვრის მიერ. საქართვ. ეროვნ. არქივში დაცულია გ. ერისთავის პიესა „გაყრის“ ხელნაწერი კ-ს მიერ შექმნილი 11 მინიატიურით, რ-იც ასახავს როლების პირველ შემსრულებლებს სპექტაკლში.