კორაქსები (Koraxoi), ქართველური ტომი. ანტიკური წყაროების (ჰეკატეოს მილეტელი, ძვ. წ. VI ს.; ჰელანიკე მიტილენელი, ძვ. წ. V ს. II ნახ.; ფსევდო სკილაქს კარიანდელი, ძვ. წ. IV ს.) მიხედვით კ. ცხოვრობდნენ აღმ. შავიზღვისპირეთში, კოლხების ჩრდ.-დას-ით. კ-ის საცხოვრებლის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კ. სახლობდნენ მერმინდელი წებელდის მახლობელ ტერიტორიაზე (ითვლებიან აფსილეთის უძველეს მოსახლეობად), ზოგიერთის ვარაუდით კი ისინი მდ. ბზიფის ხეობაში ცხოვრობდნენ. ეს უკანასკნელი მოსაზრება უფრო დამაჯერებელი ჩანს. სტეფანე ბიზანტიელის ლექსიკონის მიხედვით („ეთნიკა“) შემონახული ლიტ. ტრადიციის თანახმად, კ. კოლხური ტომია. ამ ცნობის საფუძველზე კ-ს მეცნიერები ეთნიკურად კოლხური წარმოშობის ტომად, ხოლო ტომის სახელწოდებას („კორაქსოჲ“) კი „კოლხის“ ვარიანტულ სახესხვაობად არ მიიჩნევენ. ძვ. წ. II–I სს. ავტორები კ-ს უკვე აღარ იხსენიებენ შავი ზღვის ჩრდ.–აღმ. სანაპიროზე მოსახლე ტომთა შორის.
ლიტ.: ლ ო მ ო უ რ ი ნ., ბერძენი ლოგოგრაფოსების ცნობები ქართველი ტომების შესახებ, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორისათვის» 1963, ნაკვ. 35; ლორთქიფანიძე მ., აფხაზები და აფხაზეთი, თბ., 1990; მიქელაძე თ., ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ. წ. II–I ათასწლეულები), თბ., 1974.
მ. ინაძე