კორახეთი

კორახეთი, მხარე დასავლეთ საქართველოში. მოიცავდა მდ. კელასურის ზემო ნაწილს და მის მიმდებარე ზონას გუმისთის ხეობიდან კოდორის ხეობამდე. აქ ორი ქართული ტომი სახლობდა – აბსილები და კორახები. ეს ტერიტორია ანტ. ხანასა და შუა საუკუნეებში ორი სახელით არის ცნობილი: აბსილეთი და კ.

ძვ. წ. VI ს-იდან ვიდრე ახ. წ. I ს-მდე ამ მხარეს ეწოდება „კორახთა (კორაქსთა) ქუეყანა“, აქ მოსახლე ტომს – კორახნი (კორაქსნი), ამ მხარის მდინარეს – კორახის (კორაქსის) მდინარე, საფორტიფიკაციო ნაგებობას – კორახის (კორაქსის) კედელი (კელასურის კედელი), კავკასიონის ქედის იმ ნაწილს, რ-იც ჩრდ-იდან აკრავს ამ მხარეს – კორახის მთები. აბსილები აქ პირველად ახ. წ. I ს-ში იხსენიებიან და ამ დროიდან მოყოლებული ეს მხარე იწოდება არა კ-დ, არამედ აბსილეთად.

ლიტ.: ინგორიყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; ჯავახიშვილი ივ., საქართველოს საზღვრები, თბ., 1996.