კორდომიანის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. დგას სოფ. კალაურის სამხრ-ით 2-2,5 კმ-ზე, ხშირ ტყეში. განეკუთვნება VIII-IX სს.
ძეგლი მიეკუთვნება სამეკლესიიან ბაზილიკათა ტიპს, მაგრამ გეგმის დაკვალვითა და ხუროთმოძღვრულ ფორმათა აღნაგობის თვალსაზრისით ნიშანდობლივ თავისებურებებს შეიცავს. შენობის გეგმის გარეგან სწორკუთხედში (13,8 მ × 10,5 მ) ჩაწერილია ჯვრისებრი გეგმის ეკლესია სამნაწილიანი საკურთხევლით და ცენტრ. სივრცის დასავლეთ ნაწილის ირგვლივ არსებული სამმხრივი გარშემოსავლელი, რ-ის სამხრ. და ჩრდ. ფრთები დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ.
შენობა ნაგებია რიყის ქვით. კუთხეებში და არქიტ. ელემენტებისათვის გამოყენებულია მოზრდილი და შედარებით წესიერი ფორმის ქვები.
შუა, მთავარი ეკლ. არატრადიციულადაა აგებული. იგი წარმოადგენს მაღალ და გრძელ დარბაზს, რ-საც სამხრ-იდან და ჩრდ-იდან ერთვის შედარებით დაბალი და საკმაოდ ღრმა თითო უბე, რ-ებიც, სიღრმის წყალობით, ქმნიან მთავარი ღერძის პერპენდიკულარულ ღერძს. უბეები საგრძნობლად დაბალია, რის გამოც გეგმის ჯვრული მოხაზულობა სივრცეში, არასრულფასოვნადაა გამოვლენილი.
შუა ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრ-იდან და დას-იდან.
საკურთხევლის აფსიდი გეგმით ნალისებრია. იგი განათებული იყო ფართო და მაღალი სარკმლით (შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილები). საკურთხევლის გვერდებზე გეგმით სწორკუთხა თითო სათავსია – სამკვეთლო და სადიაკვნე. თითოეულ მათგანში შესასვლელი დას-იდანაა – ცენტრ. სივრცის შესაბამისი უბიდან.
შუა ეკლესიის ორივე უბე გადახურულია ქვის კამარით. იგი შედგება ორი კამარისგან, რ-ებიც ერთმანეთს მართი კუთხით კვეთენ. ორივე უბე ეკლესიის სივრცეს ნალისებრი თაღით ერთვის. საკურთხევლის სარკმლის გარდა, დას. კედელში ერთი ფართო, მაღალი სარკმელია – პარალელური წირთხლებითა და ბრტყელი გადახურვით.
სამხრ. და ჩრდ. ეკლესიები ერთმანეთის ანალოგიურია. აღმ-ით ისინი სწორი კედლითაა დასრულებული, ორივეში თითო ბრტყელი ნიშაა ნალისებრი თაღით, რ-იც აფსიდის მაგივრად გამოიყენებოდა. სამხრ. ეკლესიის სამხრეთ კედელში ფართო, ნალისებრ თაღიანი შესასვლელია.
ორივე ეკლ. გადახურულია სხმული კამარით.
დას. გარშემოსავლელს შესასვლელი დას-იდან აქვს. გარშემოსავლელის კამარის დიდი ნაწილი ჩამოშლილია. აღმ-ით იგი დაყრდნობილი იყო მთავარი ეკლესიის დას. კედლიდან გამოშვერილ თაროზე, ხოლო დას-ით – დას. კედელზე.
ეკლესიას ორსაფეხურიანი, თაროსებრი ლავგარდანი ჰქონია, რ-ის მცირე ნაწილი სამხრ. ფასადზეა შემორჩენილი.
მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრ-იდან მოზრდილი, გეგმით სწორკუთხა ნაგებობა (7,9×5 მ) მიუშენებიათ, რ-ის ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
ბაზილიკის აღმ-ით, ოცდაათიოდე მ-ზე, მსხვილი რიყის ქვითა და კირის დუღაბით ნაგები საძვალეა. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მიწაშია მოქცეული. ნაწილი (სიმ. დაახლ 1,5 მ) მიწის ზემოთაა და მიწითა და მცენარეულობით იმდენადაა დაფარული, რომ ქვის გროვას წააგავს.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ. 2013.
თ. დვალი