კორიდეთის ოთხთავი

   

კორიდეთის ოთხთავის ფრაგმენტი

კორიდეთის ოთხთავი, ბერძნული ხელნაწერი, რომელიც გადაწერილია არაბერძენი, კერძოდ, ქართველი გადამწერის მიერ IX ს-ში. ზომა: 290x240 მმ. ნაწერია მაიუსკულით ეტრატზე ორ სვეტად. შეიცავს 249 ფურცელს, რამდენიმე ფურცელი აკლია, ზოგიც დაზიანებულია. XI ს-ში ხელნაწერი ყდაში ჩაუსვამს ვინმე პიტირიონს, ხოლო XII  ს-ში ხელახლა შეუმკიათ ერისთავთ-ერთისთავის, ბეშქენის ბრძანებით. ხელნაწერი XV ს-მდე ინახებოდა  სოფ. კორიდეთში, ღვთისმშობლის ეკლესიაში (1914-მდე კორიდეთი ბათუმის ოლქის ართვინის მხარეში შედიოდა; ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა).

   XV ს. მიწურულს ხელნაწერი კორიდეთიდან გადაიტანეს ზემო სვანეთში, სოფ. კალაში, წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიაში, სადაც 1853 ის აღმოაჩინა ეთნოგრაფმა ი. ბართოლომეიმ. 1869 ქუთაისის გუბერნატორმა, გრაფმა ვ. ლევაშოვმა, ხელნაწერი 50 მანეთის გირაოთი სვანეთიდან პეტერბურგში წაიღო. იქ ხელნაწერს გაეცნო მ. ბროსე და 1870 გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რ-შიც აღნიშნულია მისი მნიშვნელობა.

   ლ. დადეშქელიანისა და გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძის) მეცადინეობით ხელნაწერი საქართველოში დააბრუნეს და გელათის მონასტერს გადასცეს. 1901 კირიონ ეპისკოპოსმა (გიორგი საძაგლიშვილი) ხელნაწერი გელათიდან თბილისში ჩაიტანა და  თბილ. საეკლ. მუზეუმს გადასცა, სადაც ის აღირიცხა, როგორც №993. ხელნაწერი შესასწავლად და გამოსაცემად თბილ. გიმნაზიის გერმ. ენის მასწავლებლის, პასტორ გ. ბერმანის მეშვეობით გერმანიაში (ლაიფციგსა და ბერლინში) გააგზავნეს, საიდანაც 1904 კვლავ საეკლ. მუზეუმში დააბრუნეს. ამჟამად კ. ს. დაცულია ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში, ბერძნული ხელნაწერების ფონდში, ლიტერით ხეც – Gr-28.

   კორიდეთის ხელნაწერი სრული სახით  გამოიცა 1913 ლაიფციგში. მანამდე კი, 1907, მისი ნაწილი – მარკოზის თავი – გამოქვეყნდა ფოტოტიპურად.

   . . მეტად საყურადღებოა ტექსტუალური თვალსაზრისით – მისი ერთ-ერთი ნაწილი, კერძოდ, მარკოზის თავი, ბერძნული სახარების უადრეს ტექსტთან ახლოსმდგომად, ე. წ. კესარიული ტიპის ტექსტად არის მიჩნეული. ხელნაწერი გამორჩეულია პალეოგრაფიული და ენობრივი თვალსაზრისითაც. მასში დადასტურებულ არაერთ კალიგრაფიულ თავისებურებასა და ენობრივ თუ ორთოგრაფიულ უზუსტობას ქართული დაწერილობისა და ენის კვალი აჩნევია.   ხელნაწერისადმი სამეცნ. ინტერესს განაპირობებს ასევე მისი ისტ. მნიშვნელობაც: სახარების ტექსტს ერთვის საყურადღებო ბერძნ. და ქართ.  მინაწერები. მათი დიდი ნაწილი ისტ. საბუთებია, რ-ებშიც ასახულია კლარჯეთის,  კერძოდ, კორიდეთის, ხოლო შედარებით გვიანდელში – სვანეთის სოციალური გარემო და ყოფა.

   ოთხთავის ქართ.  და ბერძ. მინაწერების შესწავლასა და დათარიღებაში, ასევე, გამოცემაში, უდიდესი წვლილი მიუძღვით გრ. წერეთელსა და ს. ყაუხჩიშვილს.

ლიტ.: ბეზარაშვილი ქ., კორიდეთის ოთხთავის ისტორიისათვის, მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, ტ. 24, თბ., 2015; სილოგავა ვ., კორიდეთის საბუთები (X–XIII სს.), თბ., 1989; ყაუხჩიშვილი ს., კორიდეთის ბერძნული სახარების ქართული მინაწერების დათარიღებისათვის, «ჩვენი მეცნიერება», 1924, №11–12; წერეთელი გ., კორიდეთის ხელნაწერი და მისი ბერძნული მინაწერები, ტფ., 1937; Beerman G., Gregory C. R., Die Koridethi  Evangelien Θ38, Lpz, 1913; Brosset M., Note sur un manuscrit grec des quatre Εvangiles, rapporte de Suaneth-Libre et appartenant au comte Panin, Mélanges asiatiques tirés du Bulletin de l'Académie Impériale des Sciences de St.-Pétersbourg, VI (1870); https://pinakes.irht.cnrs.fr/notices/cote/63022/;  https://www.csntm.org/2018/11/20/from-the-library-codex-koridethi/.

 

                                                                                                       ა. ურუშაძე

                                                                                                    თ. ოთხმეზური