კორინთა

კორინთა, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ახალგორის მუნიციპალიტეტში, მდ. ქსნის მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: კ., გეზევრეთი, გუდაწვერი, ნახიდი, საძეგური, ქვემო ალევი, წირქოლი, ხარკელანი). ზ. დ. 900  მ, ახალგორიდან 7 კმ.

კ. ადრეფეოდ. ხანაში იყო აზნაურ კორინთელის რეზიდენცია. „მატიანე ქართლისა“ X ს. ამბების თხრობასთან დაკავშირებით ახსენებს აზნაურ დაჩი კორინთელს. იმავე პერიოდში კორინთლები გადადიან ქსნის ხეობის სოფ. ირტოზასა და ლეხურის ხეობაში, სადაც აარსებენ სოფ. საკორინთლოს. კ. იხსენიება წილკნის სარგოს 1669 წიგნში და ქსნის ხეობის 1774 ხალხის აღწერის დავთარში.

1804 კ-ში 49 სული მოსახლე 6 კომლად ცხოვრობდა. 1865 სოფელი შედიოდა ქსნის უბნის ზემო ალევის სასოფლო თემში (ცხოვრობდა 4 კომლი, 1930 – ახალგორის რ-ნში კ-ის სასოფლო საბჭოში შედიოდა 20 სოფელი) და ამ დროისათვის 93 სული მოსახლე 17 კომლად ცხოვრობდა.

კ-ში შემორჩენილია გარდამავალი ხანის კვირაცხოვლის სახ. ძლიერ დაზიანებული დარბაზული ეკლესია და გვიანდ. შუა საუკუნეების ოთხკუთხა კოშკი, რ-იც სამი სართულის სიმაღლეზეღა დგას.

კ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: გვასალია ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ.3, თბ., 1967; შიდა ქართლი, რედ. ც. დადიანიძე, ტ. 4, თბ., 2008.

ჯ. გვასალია