კორინთლები, ქართლის წარჩინებულ ფეოდალთა საგვარეულო IX–X სს-ში. გვარი მომდინარეობს ქსნის ხეობაში მდებარე ადგილის – კორინთის სახელიდან. კ. ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოში ძლიერი ცენტრ. ხელისუფლების დამყარებას. მაგ., X ს. I ნახ. დაჩი კორინთელმა ქართლისა და კახეთის სხვა ფეოდალებთან ერთად აფხაზთა მეფის, გიორგი II-ის მიერ დაპყრობილი კახეთის ციხეები კვლავ ხელში ჩააგდებინა კვირიკე კახთა ქორეპისკოპოსს და ამით ხელი შეუშალა აფხაზთა მეფეს საქართვ. გაერთიანებისათვის ბრძოლაში. გვიანდ. შუა საუკუნეებში კ-ის გავლენა შემცირდა და ისინი უკვე აზნაურებად მოიხსენიებიან. კ-ის საფეოდალოს (მდ-ებს – ქსანსა და მეჯუდას შორის) ეწოდებოდა საკორინთლო.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.1, თბ., 1955; ნასყიდობის დაწერილი ფავნელისა შიომღვიმისადმი (IX ს.). წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.
ნ. შოშიაშვილი