კორიუნი, V ს. I ნახ. სომეხი ისტორიკოსი, სომეხთა განმანათლებლის, მესროპ მაშტოცის (დაახლ. 361–440) მოწაფე. ავტორია თხზულებისა „მაშტოცის ცხოვრება“, რ-შიც მაშტოცის ბიოგრ. მონაცემებთან ერთად მოთხრობილია საკუთრივ სომხეთის, იბერიის (ქართლის) და ალბანეთის ისტორიის ზოგიერთი ფაქტი 348-იდან 443-მდე. მისი თხზულება ერთადერთი უძველესი წყაროა IV ს. მიწურულისა და V ს. დამდეგის სამხრ. კავკასიის ქვეყნების ისტორიისათვის. კ-ის ცნობით, IV ს. 90-იანი წლების II ნახ-ში ქართლში მეფობდა ბაკური, რაც ემთხვევა „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ დაცულ ქართლის მეფეთა თანმიმდევრობას.
კ-ის (ასევე მოსე ხორენელის) სიტყვით, მწერლობის დაწყებასთან ერთად ჩვენში სკოლებიც გაჩენილა. სავარაუდოდ, მაშინდელი ქართული სკოლები იყო დაწყებითი, სადაც, უპირველეს ყოვლისა, საღმრთო წერილს ასწავლიდნენ.
ლიტ.: მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; ჯავახიშვილი ივ., ძველი სომხური საისტორიო მწერლობა, თბ., 1996 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 11).
გ. მაისურაძე