კორიშელი (ნამდვ. გვარი – ჩიქვინიძე) პლატონ ევგენის ძე (12. XI. 1883, სოფ. დიმი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 29. VI. 1937), მსახიობი, საქართვ. დამს. არტისტი (1932). სწავლობდა ქუთაისის სას.
სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის. 1906–08 მოღვაწეობდა უკრაინაში, დრამატულ დასში. 1918–20 სწავლობდა გ. ჯაბადარის სტუდიაში. ქართულ თეატრში ლ. მესხიშვილმა მიიწვია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქუთაისის თეატრში (1908–11), „მოგზაურ დასში“ შ. დადიანის ხელმძღვანელობით (1911–14), თბილ. სახალხო სახლში (1914–18), რუსთაველის თეატრში (1920–36).
რუსთაველის თეატრში მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ფლორენი (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“), გველეშაპი (ი. გედევანიშვილის „სინათლე“), ზაალი (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), პედჟი (უ. შექსპირის „უინძორელი მხიარული ქალები“), პარმენი (ნ. აზიანის „დეზერტირკა“), ვაჟა-ფშაველა (გ. რობაქიძის „ლამარა“), ბირმუზა (შ. დადიანის „თეთნულდი“) და სხვ.
1936 ბრალი დასდეს ს. ახმეტელის ხელმძღვანელობით „კონტრრევოლუციურ-ტერორისტული ორგანიზაციის“ წევრობაში.
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.