კორკოტი, ხორბლისაგან დამზადებული ფაფა. კეთდებოდა კანგაცლილი დაღერღილი მარცვლისაგან. ეს კერძი, ისე როგორც წანდილი, საწესო-სარიტუალო საკვებია. ამზადებენ შობას, სულთმოფენობას, კვირაცხოვლობას, მიცვალებულის „თავზე“, „ორმოცზე“, „წლისთავზე“. გამოთქმულია მოსაზრება, რომ მიცვალებულის სახელობაზე და ახალი წლის დღესასწაულზე მომზადებული კ. ბუნების აღორძინებისა და მთელი წლის სიკეთით დაბედების იდეასთან იყო დაკავშირებული.
ლიტ.: ბარდაველიძე ვ., ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, თბ., 1941; გ ო ც ი რ ი ძ ე გ., კვების ხალხული კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში, თბ., 2007; ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2011.
ე. ნადირაძე