კოროშინაძე სულიკო იაკობის ძე

ს. კოროშინაძე 

კოროშინაძე სულიკო იაკობის ძე (17. XII. 1932, თბილისი, – 16. XII. 2011, იქვე), ესტრადის მომღერალი. საქართვ. დამს. არტისტი (1969). 1956 დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი. სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა უნ-ტის სტუდენტთა თვითშემოქმედებაში და ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი, გამორჩეული მომღერალი. კ. მიიწვიეს ფილარმონიასთან ახლად ჩამოყალიბებულ სახელმწ. საესტრადო ორკესტრ „რეროში“ (ხელმძღვ. გ. გაბისკირია, 1960-იდან – კ. პევზნერი). კ. ამ ორკესტრის უცვლელი სოლისტი იყო. მისი სიმღერები გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი მუსიკალურობით, განსაკუთრებული ლირიზმითა და სითბოთი. მასთან ასოცირდება ქართვ. კომპოზიტორთა მრავალი სიმღერა: „მე თბილისელი ბიჭი ვარ“ (ნ. გიგაური), „სიმღერა ბათუმზე“ (ლ. იაშვილი), „გაზაფხულის დუეტი“ (კ. პევზნერი), „სალამური“ (ხალხური) და სხვ.

აღსანიშნავია კ-ისა და ნ. აბესაძის პოპულარული დუეტი. მათ ორკესტრთან ერთად გასტროლებით მოიარეს სსრკ მრავალი ქალაქი, 1966 კი „რეროსთან“ ერთად წარმატებით გამოვიდნენ პარიზის საკონცერტო დარბაზ „ოლიმპიში“.

პოპულარულია სიმღერები კ-ს მიერ გახმოვანებულ მხატვრულ ფილმებში: „ნინო“, „დედის ხელი“, „გლახის ნაამბობი“ და სხვ. 1984-იდან იყო ვოკალის პედაგოგი შ. მილორავას სახ. საესტრადო სასწავლებელში.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). თბილისის საპატიო მოქალაქე (2011). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.