კორპის მუხა (Quercus suber), მარადმწვანე გაშლილვარჯიანი ხე წიფლისებრთა ოჯახისა. სიმაღლე 20–25 მ აღწევს. ღერო და ტოტები დაფარული აქვს კორპის სქელი ფენით. აქვს მომრგვალო-ელიფსური ფოთლები ქვედა მხრიდან მონაცრისფრო ბუსუსიანია, ბუნებრივად, იზრდება დას. ხმელთაშუაზღვისპირეთში (ამჟამად აქ მის ტყეებს მცირე ფართობები უკავია). საქართველოში პირველად XIX ს. დასაწყისში შემოიტანეს სოხუმსა და ქუთაისში. მისი სამრეწველო განაშენიანება საქართვ. სუბტროპიკებში (ქუთაისი, გაგრა, აგუძერა და სხვ.) 1930-იდან დაიწყო, მოგვიანებით კი – აღმ. საქართველოშიც (ლაგოდეხის მუნიციპ.). კ. მ. სინათლისა და სითბოს მომთხოვნია. –16–18°C-ზე ეყინება ნორჩი ყლორტები, –22°C-ზე კი იღუპება. კარგად ხარობს ღრმა და უკირო ნიადაგზე. უკეთესი ხარისხის კორპი გამოდის მშრალ პირობებში. პირველი კორპის მოხდა შეიძლება 15–20 წლის ასაკიდან, შემდეგ კი – ყოველ 10 წელიწადში ერთხელ (150–200 წლამდე). ერთი ძირიდან მიიღება 1 კგ-მდე კორპი. დას. საქართვ. მძიმე და ტენიან ნიადაგზე კ. მ-ს აზიანებს მელანა (შავი ტირილი), რ-იც რამდენიმე წელიწადში ახმობს მცენარეს.