კორსანტია ალექსანდრე ვალერის ძე (დ. 18. IV. 1965, თბილისი), პიანისტი, პედაგოგი. საქართველოს (1997) და შოთა რუსთაველის სახელმწ. (2018) პრემიების, ასევე არაერთი საერთაშ. კონკურსის ლაურეატი. 1993-იდან ცხოვრობს აშშ-ში.
1989 დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით (პროფ. თ. ამირეჯიბის კლასი). 1994 ინდიანას უნ-ტში, მიიღო არტისტის დიპლომი და მაგისტრის ხარისხი (1996, ხელმძღვ. პროფ. ა. თორაძე).
კ. 1997–2000 იყო ინდიანას (საუთბენდი, აშშ), 2000–02 – ბრიტანეთის კოლუმბიის (ვანკუვერი, კანადა) უნ-ტების, 2002-იდან დღემდე კი არის ახალი ინგლისის კონსერვატორიის (ბოსტონი, აშშ) ფორტეპიანოს პროფესორი.
კ. თანამედროვე საფორტეპიანო ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელია. შესრულებული აქვს გ. ყანჩელის, ბ. კვერნაძის, ბეთჰოვენის, ბრამსის, ჩაიკოვსკის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკისა და სხვ. ნაწარმოებები. ატარებს მასტერკლასებს საქართვ., აშშ-ის, ისრაელის, ჩინეთის და ევროპის სხვადასხვა ქალაქში. 2011–16 იყო ყოველწლიური ფესტივალის, „აღდგომიდან-ამაღლებამდე“ სამხატვრო ხელმძღვანელი საქართველოში. არის მრავალი პრესტიჟული კონკურსის ჟიურის წევრი. ჩაწერილი აქვს კომპაქტდისკები. მისი შესრულება გამოირჩევა არტისტიზმით, მასშტაბურობით, რეპერტუარის მრავალფეროვნებით.
მიღებული აქვს I პრემია (სამხრ. კავკ. მუსიკოსთა კონკურსი, ერევანი, 1980), საპატიო დიპლომი (შოპენის სახ. პიანისტთა საერთაშ. კონკურსი; ვარშავა, 1985); I პრემია და ორი საპატიო პრიზი (სიდნეის პიანისტთა საერთაშ. კონკურსი; 1988), I პრემია (პალმ-ბიჩის პიანისტთა საერთაშ. კონკურსი; ფლორიდა, აშშ, 1994); ოქროს მედალი, I პრემია და ორი საპატიო პრიზი (ა. რუბინშტეინის სახ. პიანისტთა საერთაშ. კონკურსი, თელ-ავივი, 1995); ასევესაქართვ. სახელმწ. ჯილდოები: ღირსების ორდენი (1999) და „ოქროს ფრთა“ (ჟურნალისტთა საერთაშ. ფონდი; 2015). არის ბათუმის (2014) და თბილისის (2016) საპატიო მოქალაქე.
ლიტ.: ტორაძე გ., პიანისტი ალექსანდრე კორსანტია, წგ. მუსიკალურ სამყაროში. თბ., 2010.
ქ. ბადრიძე