კორტავა დიმიტრი ვარლამის ძე (5. IX. 1935, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფ. ფოქვეში, – 1991), აფხაზი მსახიობი და რეჟისორი. ხელოვნების დამს. მოღვაწე. 1959 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის აფხაზური სტუდიის სამსახიობო ფაკ-ტი ა. ხორავას ხელმძღვანელობით. 1964–69 სწავლობდა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტზე. 1959–64 იყო სოხუმის აფხაზური თეატრის მსახიობი, 1973–74 – ამავე თეატრის მთ. რეჟისორი, 1970–73 – ზუგდიდის შ. დადიანის სახ. თეატრის რეჟისორი.
კ-ს მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ვანუა (ა. ცაგარლის „ციმბირელი“); კამერდინერი (ე. შვარცის „შიშველი მეფე“); არფაშელი (შ. ჭკადუას „ვინ არის ჩვენ შორის ყრუ“); კადირი (ა. ლაგვილავას „მზის ამოსვლის წინ“). სოხუმის აფხაზურ თეატრში დადგა სპექტაკლები: რ. გამზათოვის „მთიელი ქალი“; რ. ჯოპუას „ნაბიჯები“, „აურზაური ტყეში“; ნ. დუმბაძის „ნუ გეშინია დედა!“; „თეთრი ბაირაღები“; ა. მუკბას „როცა ყველა კარი ღიაა“ „მზის დაბნელების დროს“; უ. შექსპირის „მეფე ლირი“; ვ. ვიშნევსკის „ოპტიმისტური ტრაგედია“; ბ. შინკუბას „მერე როგორც გენებოთ“; ვ. შანბას „ქალ-ვაჟი და მოცარტი“; სოხუმის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში: ვ. სვირიდოვის „კასკადიორები“, ნ. მუკბას „საახალწლო ზღაპარი“; ზუგდიდის თეატრში: ნ. მატუკოვსკის „ამნისტია“; გ. კალანდიას „მთვარის საათი“.