კორუფცია (ლათ. corruptio – მოსყიდვა), თანამდებობის პირის მოსყიდვა. საერთაშ. კონვენციებსა და აქტებში კ-ის ერთიანი განმარტება ჩამოყალიბებული არ არის.
კ-სთან საერთაშ. ბრძოლის შესახებ გაეროს საცნობარო დოკუმენტში იგი განისაზღვრება როგორც სახელმწ. ხელისუფლების ბოროტად გამოყენება პირადი სარგებლობის მიღების მიზნით. კ. ან კორუფციული დანაშაული არის ქმედება, რ-იც მიმართულია ქვეყნის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ და წარმოადგენს დანაშაულთა სისტემურ ერთობლიობას, ჩადენილს საჯარო თანამდებობის პირისა და მის თანამონაწილეთა მიერ საკუთარი თანამდებობრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის გამოყენებით; კ. აზიანებს მოქალაქეების, საზ-ბის, სახელმწ. სტრუქტურების ინტერესებს და მიმართულია პირადი გამდიდრების ან ჯგუფური თუ კორპორაციული მიზნების განხორციელებისაკენ.
კორუფციული დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე ტიპურ სახედ ითვლება ქრთამის აღება. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით (მ. 338) ქრთამის აღება არის მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება, ან მოთხოვნა თავის, ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ, ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის, ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ან განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა.
ლიტ.: კორუფცია საქართველოში. კრიმინოლოგიური ანალიზი და სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, რედ. გ. ღლონტი, თბ., 2011; ლეკვეიშვილი მ., მამულაშვილი გ., გვენეტაძე ნ., მუმლაძე დ., სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წგ. 2. თბ., 2012; Göppinger H., Kriminologie, Münch, 2008.
მ. შალიკაშვილი