კორცხელი, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ოდიშის ვაკეზე, მდ. ჩხოუშის (ჯუმის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს, ზუგდიდი–წალენჯიხის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: კ., ბაში, ნაცატუ). ზ. დ. 320 მ, ზუგდიდიდან 10 კმ. 883 მცხ. (2014). კ-ის ტერიტორიაზეა კორცხელის მღვიმე.
კ-ს მოიხსენიებს იტალიელი მისიონერი დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი 1634 ამბების გადმოცემისას. ამ დროს აქ, მისი ცნობით, ეკლესია შენდებოდა. მშენებლობა დასრულდა მომდევნო წელს, რასაც მოწმობს ლევან II დადიანის 1635 წ. 28 ოქტომბრის სიგელი, რ-ის თანახმად ახალაშენებული კ-ის ღვთისმშობლის ეკლესია ოდიშის მთავარს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის შეუწირავს, ხოლო ეკლესიისათვის სხვადასხვა სოფლიდან 30 კომლი ყმა-გლეხი გადაუცია. მომდევნო ხანებშიც კ-ის ეკლესია ჯვრის მონასტერს ეკუთვნოდა. ეკლესია წარმოადგენს ქვის მცირე ზომის გუმბათოვან ნაგებობას სამი შვერილი აფსიდითა და ღია თაღოვანი სტოით დას. მხარეს. გუმბათი საკურთხევლის კედლების კუთხეებს და ორ ბოძს ეყრდნობა. გუმბათქვეშა ბოძების დას-ით არის ამგვარივე ბოძების ერთი წყვილი, გუმბათის ყელში 7 სარკმელია. ფასადები მოპირკეთებულია ქვის პატარა კვადრებით. ეკლესიაში ინახებოდა ლევან II დადიანის შეწირული რამდენიმე ხატი და სხვა სიძველეები.
1815 ეკლესია შეაკეთებინა ნიკოლოზ დადიანმა; 1858 კვლავ განაახლეს, ხოლო კანკელი 1862 შეამკეს. ეკლესია შიგნით მოხატული ყოფილა და ეს სამუშაოც 1635 ახლო ხანებში ჩატარებულა. შემდეგ ფრესკები შეუთეთრებიათ და მხატვრობის მხოლოდ ნაწილიღა მოჩანს. ეკლესიის დას-ით დგას გვიანდელი ფეოდ. ხანის ორსართულიანი კოშკი.
სხვა მონაცემებით ტაძარი X ს-ის ნაეკლესიარზეა აშენებულია და ლევან II-მ აღადგინა.
ამჟამად კ-ის ტაძარი მოქმედი დედათა მონასტერია.
ლიტ.: ბერიძე ვ., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტ.1–2, თბ., 2014; თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წგ. 2, ტფ., 1914.
ვ.ბერიძე
თ.ბერაძე