კორძაძე ავთანდილ ალექსანდრეს ძე

კორძაძე ავთანდილ ალექსანდრეს ძე (დ. 18. VII. 1944, ქუთაისი), გეოფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1995). 1967 დაამთავრა ნოვოსიბირსკის (რფ) სახელმწ. უნ-ტის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი მათ. სპეციალობით. 1966–84 მუშაობდა იქვე სსრკ მეცნ. აკად. ციმბირის განყ-ბის გამოთვლითი ცენტრის ატმოსფეროსა და ოკეანის დინამიკის განყ-ბაში 1984–89 – მოსკოვში, სსრკ მეცნ. აკად. პრეზიდიუმის გამოთვლითი მათ. განყ-ბაში. 1989-იდან კ. თბილისში იყო გეოფიზ. ინ-ტის შავი ზღვის დინამიკის განყ-ბის ხელმძღვანელი, 1995–2005 – დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში. 2005-იდან თსუ-ის მ. ნოდიას გეოფიზ. ინ-ტის ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზ. პროცესების მათ. მოდელირების სექტორის ხელმძღვანელია.

კ-ის ნაშრომები ეხება ოკეანის, ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის შესწავლას, ჰიდროთერმოდინამიკის ძირითად განტოლებათა სისტემაზე დაფუძნებული სხვადასხვა მათ. მოდელის შემუშავებას.

1998–2003 კ. იყო შავი ზღვის კვლევების საერთაშ. ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი (საქართვ. მხრიდან) და ამავე საბჭოს თავ-რის მოადგილე (ქ. ათენი, საბერძნეთი). მიღებული აქვს მ. ალექსიძის სახ. (1996) და მ. ნოდიას სახ. (2012) პრემიები. დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით.