კოსტავა არჩილ ანდროს ძე

კოსტავა არჩილ ანდროს ძე (12. XII. 1937, ქუთაისი, – 11. II. 2002, იქვე), მეტალურგი, ტექ. მეცნ. დოქტორი (1980), პროფესორი (1982). 1960 დაამთავრა სპი-ის (1990- იდან სტუ) მეტალურგიის ფაკ-ტი. მუშაობა დაიწყო ქუთაისის საავტომობილო ქ-ნაში ინჟინრად. 1968–85 ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას მოსკოვის მანქანათმშენებლობის ტექნოლ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. პარალელურად პედ. საქმიანობას ეწეოდა სპი-ის, პრაღის, ვროცლავისა და ლენინგრადის ტექ. უნ-ტებში. 1985 დაბრუნდა საქართველოში. 1989–2002 იყო ქუთაისის პოლიტექ. უნ-ტის რექტორი, პარალელურად – მანქანათმშენებლობის ტექნოლ. კათედრის გამგე.

კ-ის სამეცნ. შრომები ეხება მაღალი წნევისა და ტემპ-რის პირობებში ლითონების დამუშავების კომპლექსური ექსპერიმენტულ-ანალიზური კვლევის მეთოდებს, ცვეთის პროცესების მოდელირებას და სხვ. შექმნა მასალების მექ. თვისებების არაერთგვაროვნებათა კომპლექსური კლასიფიკატორი, რ-ის საშუალებითაც შეიძლება ლითონების თვისებების პროგნოზირება დიდი პლასტიკური დეფორმაციის პირობებში. კ-ს გამოკვლევები დაინერგა საწარმოებში. მიღებული აქვს გ. ნიკოლაძის პრემია (1992) და სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998). 1991 იყო ქუთაისის პრეფექტი.

თხზ.: პლასტიკურობის თეორია, თბ., 1989; მეტაკრეაციზმის შესავალი, თბ., 1999; სისტემების განვითარების ძირითადი კანონები და პრობლემატიკა, თბ., 2002.