კოსტავა მერაბ ივანეს ძე (26. V. 1939, თბილისი, – 13. X. 1989, სოფ. ბორითი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი), საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი და უფლებადამცველი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პოეტი, მუსიკათმცოდნე. 1958 დაამთავრა ვაჟთა I საშ. სკოლა (ახლანდ. თბილ. კლასიკური გიმნაზია), იმავე წელს – ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრ. სამუსიკო სასწავლებელი, 1965 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორია. სკოლაში სწავლის პერიოდიდანვე მეგობრობდა ზ. გამსახურდიასთან. მათ დააარსეს არალეგალური პატრ. ორგანიზაცია „გორგასლიანი“, რ–იც ანტისაბჭ. პროკლამაციებს ავრცელებდა. 1956 წ. 14 დეკემბერს კ. თანამოაზრეებთან ერთად დააპატიმრეს. 1957 წ. 5 აპრილს ,ქართვ. მწერალთა მიმართვის შედეგად, პირობითი სასჯელი შეუფარდეს და გაათავისუფლეს. 1965-იდან მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად რუსთავისა და თბილ. მე-2 სამუსიკო სასწავლებლებში, მე-8 სამუსიკო სკოლაში. 1967-იდან რედაქტორობდა ჟურნალს – „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“. ამ პერიოდში მან საფუძვლიანად შეისწავლა რელიგიისა და თეოლოგიის საკითხები. 1972 კ-მა და ზ. გამსახურდიამ შექმნეს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი, გამოსცეს ჟურნალები: „ოქროს საწმისი“ და „საქართველოს მოამბე“. 1975 კ. „საერთაშ. ორგანიზაციის საერთაშორისო ამინისტიის წევრად აირჩიეს. 1976 კ-სა და ზ. გამსახურდიას თაოსნობით შეიქმნა „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“. 1977 წ. 7 აპრილს კ. კვლავ დააპატიმრეს. 1978 წ. 19 მაისს ზ. გამსახურდიასთან ერთად 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაამწესეს; მალე პერმის პოლიტსაპატიმროში გადაიყვანეს. 1978, სხვა დისიდენტებთან ერთად, წარდგენილი იყო ნობელის მშვიდობის პრემიაზე. 1980 აპრილში გადაასახლეს ირკუტსკის ოლქში – ტაიშეთის რ-ნის დაბა კვიტოკში, სადაც პროვოკაცია მოუწყვეს, გაასამართლეს და 5 წელი დაუმატეს. სასჯელი ქ. ანგარსკში მოიხადა. აქ მას დამამცირებელი სამუშაოს შესრულება დაავალეს, რაზეც უარი განაცხადა. ამის გამო კვლავ 3 წლით პატიმრობა დაუმატეს. 1984 უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ზ. გამსახურდიას ძალისხმევით და დასავლეთის ზეწოლით იგი თავდაპირველად ტაშკენტში, მოგვიანებით კი ქსნის კოლონიაში გადმოიყვანეს. 1987 წ. 30 აპრილს პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
დაბრუნებისთანავე კ. ეროვნ.- განმათ. მოძრაობაში ჩაება. იგი ზ. გამსახურდიასთან ერთად სათავეში ედგა ყველა საპროტესტო აქციას, გაფიცვებს, თბილისში გამართულ მრავალათასიან მიტინგებსა და დემონსტრაციებს. 1989 წ. 9 აპრილს დააპატიმრეს, მაგრამ საზოგადოების პროტესტის გამო ორმოცი დღის შემდეგ გაათავისუფლეს. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, მისი ინიციატივით შეიქმნა საქართვ. საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი. ტრაგიკულად დაიღუპა საავტ. კატასტროფაში ქუთაისი–თბილისის გზაზე, სოფ. ბორითთან.
1993 სექტემბერში, ზუგდიდში, საქართვ. რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მე-3 მოწვევის მე-2 სესიამ კ-ს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. k-ს სახელი ეწოდა თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას, ასევე ქუჩებს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. თბილისში, ვერის პარკში დგას მ. კოსტავას ბიუსტი. თბილისსა და ქუთაისში დაარსდა კ-ს სახელობის თეატრები; მისივე სახელი ეწოდა დედაქალაქის №8 ხელოვნების სკოლას. 1991 კ-ს საცხოვრებელ სახლში დაარსდა მისი მემორიალური სახლ-მუზეუმი. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში.
თხზ.: ფიქრები ქართულ კულტურაზე, თბ., 1989; ლექსები თბ., 1990; ფიქრები საქართველოს მისიაზე, თბ., 1991; სულო, დაიცა, თბ., 2013.
ლიტ.: სორდია ლ., მერაბ კოტავას პოეზია, თბ., 2017.