კოტეტიშვილი ვახტანგ ილიას ძე (24. X. 1893, სოფ. დიდი თონეთი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, – 1937), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, მოქანდაკე, ხელოვნებათმცოდნე. 1911 დაამთავრა თბილ. სას. სემინარია, 1911–14 სწავლობდა პეტერბ. ფსიქო-ნევროლოგიური ინ-ტის პედ. ფაკ-ტზე; 1918 დაასრულა დერპტის (ტარტუ, ესტონეთი) უნ-ტის ისტ.- ფილოლ. ფაკ-ტი და პედ. მოღვაწეობა დაიწყო იქვე. 1919–26 მასწავლებლად მუშაობდა თბილ. სკოლებში. 1926 მიიწვიეს თსუ-ში, სადაც თავდაპირველად კითხულობდა ფოლკლორის, 1929-იდან კი – თავისივე ინიციატივით შემოღებულ პოეტიკის კურსს. 1922–28 სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში (ი. ნიკოლაძის ჯგუფი). 1928-იდან იქვე კითხულობდა ქანდაკების თეორიისა და ისტ. კურსს. 1918–28 იყო საქართვ. მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი, გაზ. „ქართული სიტყვის“ რედაქტორი, 1921–27 – საქ. სსრ ხელოვნების მთავარი კომიტეტის წევრი, 1924–29 – ქართვ. მხატვართა საზ-ბის თავ-რე, 1933- იდან – საქართვ. მუზეუმის დირექტორის მოადგილე.
კ-ის პირველი ლიტ. წერილი „საზოგადოებრივი მოტივები არჩილ მეფისა და დ. გურამიშვილის შემოქმედებაში“ 1912 „სახალხო გაზეთში“ დაიბეჭდა. 1918 გამოსცა „შავი წიგნი“ (შ. არაგვისპირელის შემოქმედების მიმოხილვა), 1921 – „უოლტ უიტმენი. პროლეტარიატის პოეტი“, 1925 – „ალექსანდრე ყაზბეგი და მისი ავტორობის საკითხი“. კ-მა, ქართვ. მეცნიერთა შორის პირველმა შექმნა XIX ს. ქართ. ლიტ-რის ისტ. კურსი (ნაწ. I–II, 1925; ნაწ. III, 1927), რითაც ხელი შეუწყო ახ. ქართ. ლიტ-რის მეცნ. შესწავლასა და მკვლევართა მთელი თაობების აღზრდას; დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე ლიტ-რაში მიმდინარე პროცესებს, იყო ლიტ. დაჯგუფების – „აკადემიური მწერლობის კავშირის“ წევრი.
კ. ქართ. ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში მეცნ.-ფოლკლორულ ექსპედიციებს. 1932 საქართვ. მუზეუმთან ჩამოყალიბდა ფოლკლორის განყ-ბა, რ-იც საფუძვლად დაედო „ელხის“, შემდგომ რუსთაველის სახ. ლიტ. ინ-ტის ფოლკლორის განყ-ბასა და არქივს. კ-ს ეკუთვნის წერილები: „აკაკი წერეთელი და ხალხური შემოქმედება“, „სურამის ციხის ლეგენდა მსოფლიო ფოლკლორში“, „ხალხური ამბავი ტარიელისა“ და სხვ. 1934 გამოსცა „ხალხური პოეზიის“ I ტომი, რ-ის წინასიტყვაობასა და ვრცელ კომენტარებში პირველად დაისვა ქართ. ფოლკლორისტიკის მრავალი კარდინალური საკითხი. კ-მა მიაკვლია ქართ. ფოლკლორის უძველეს მითოლოგიურ ძირებს; სოც.-ისტ. გარემოებათა გათვალისწინებით დაათარიღა ზეპირსიტყვიერების ცალკეული ნიმუშები.
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.
თხზ.: ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბ., 1959; ხალხური პოეზია, გამოც. მე-2, თბ., 1961; ქანდაკების ისტორია, თბ., 1963; რჩეული ნაწერები ორ წიგნად, თბ., 1965–67; წერილები. გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვ. და კომენტ. დაურთო ნ. კუპრეიშვილმა, თბ., 2016.
ლიტ.: გამეზარდაშვილი დ., ვახტანგ კოტეტიშვილი, თბ., 1969; გაჩეჩილაძე მ., ვახტანგ კოტეტიშვილი (ბიოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1990.
ე. ვირსალაძე