კოტეტიშვილი იათამზე ვლადიმერის ასული (დ. 14. X. 1929, თბილისი), ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (2004). დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფია-ფსიქოლ. ფაკ-ტი (1953). 1957–63 იყო დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის მეცნიერი მუშაკი, 1972–74 – სწავლული მდივანი, 1975–77 – დაწყებითი სწავლების ლაბორ. გამგე, 1978– 2005 – პედ. ფსიქოლოგიის განყ-ბის გამგე. საქართვ. განათლების მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (2001).
კ-ის სამეცნ. კვლევები მოიცავს ბავშვის ფსიქოლოგიას, სწავლების ფსიქოლოგიას, დაწყებით კლასებში მათემატიკის სწავლების ფსიქოლოგიას; სკოლამდელი ბავშვის მომზადებას კითხვისთვის. კ-ის სამეცნ. პუბლიკაციებსა და სახელმძღვანელოებში ასახულია დაწყებითი სწავლების სფეროში არსებული მრავალი ახალი დებულება და ემპირიული მონაცემი. მას ეკუთვნის რეპრეზენტაციული ფუნქციის განვითარების ახ. მოდელი, სკოლაში მათემატიკის სწავლების ორიგინ. კონცეფცია და სხვ.
თხზ.: პირველი კლასის მოსწავლეთა ინტელექტუალური თავისებურებები, თბ., 1984 (თანაავტ.); ექსპერიმენტული სწავლების ფსიქოლოგიური შინაარსი დაწყებით კლასებში, თბ., 1987.