კოტლიარევსკი დავით მიხეილის ძე

კოტლიარევსკი დავით მიხეილის ძე (15. VII. 1931, ჟიტომირი, უკრაინა, – 28. VIII. 2004, ისრაელი), ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი, ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1980). 1955 დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი. 1956–59 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზ. ინ-ტის იალბუზის კოსმოსურ სადგურზე. 1959 მიავლინეს ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებულ ინ-ტში (JINR, დუბნა, რუსეთი), სადაც მონაწილეობდა ნეიტრალური კაონების თვისებების კვლევაში ფიზ. ინ-ტში შექმნილი ვილსონის კამერით. ამ კვლევებისათვის კ-მ (სხვებთან ერთად) 1965 მიიღო JINR-ის პრემია. 1965 იგი დაინიშნა ცხრაწყაროს მაღალმთიანი ლაბორ. ხელმძღვანელად. მისი უშუალო მონაწილეობით შესწავლილია ნაწილაკთა მრავლობითი დაბადების პროცესების პარამეტრების, არადრეკადობის კოეფიციენტისა და მეორეული ნაწილაკების იმპულსების დამოკიდებულება ენერგიაზე. 1972-იდან კ-ის ხელმძღვანელობით დაიწყო დანადგარის გადაკეთება გაზრდილ ენერგეტიკულ ინტერვალში (1011–1013 ევ) სამუშაოდ. 1977 ამუშავდა დანადგარი „ცხრაწყარო-2“, პარალელურად მიმდინარეობდა მუშაობა დანადგარის კიდევ უფრო მაღალ ენერგიებზე გადასაყვანად.

კ-ს დიდი წვლილი მიუძღვის ელემენტარული ნაწილაკებისა და კოსმოსური სხივების დარგში ბაკურიანის იმ „ზამთრის სკოლების“ (1970–85) ორგანიზებასა და ჩატარებაში, რ-ებშიც მონაწილეობდნენ სსრკ-ის წამყვანი ფიზიკოსები: თეორეტიკოსები და ექსპერიმენტატორები.

1991 კ. ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში.

დ. ღარიბაშვილი