კოტრანა (Crambe) ერთწლოვან ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა. ცნობილია 20–25 სახეობა. გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში. ბალტიისპირეთში, კავკასიასა და შუა აზიაში 18–20 სახეობაა.
საქართველოში – 3. კ. იზრდება ველებსა და ნახევრად უდაბნოებში, მშრალი მთის კალთებსა და ჩამონაზვავებზე, კლდეებსა და ზღვისპირა ქვიშაზე. ზღვისპირული კ., ანუ ზღვის კომბოსტო (C. maritima) საკმაოდ გავრცელებული სახეობაა. გაზაფხულზე მისი ფოთლის ყუნწებს მხლად იყენებენ, ზოგჯერ მოჰყავთ კიდეც როგორც ბოსტნეული.