კოღონია ეთერ კონსტანტინეს ასული

ე. კოღონია

კოღონია ეთერ კონსტანტინეს ასული (5. XII. 1932, სოფ. კვიტოული, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, – 1. IV. 1993 სოხუმი), მსახიობი. აფხაზეთის (1982) და საქართვ. სახ. არტისტი (1983). 1956 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. პარალელურად სწავლობდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტზე, რ-იც 1958 დაამთავრა. 1959- იდან სოხუმის ს. ჭანბას სახ. აფხაზური თეატრის მსახიობია, 1972-იდან – დ. გულიას ლიტ.-მემორიალური მუზეუმის დირექტორი. 1979 აირჩიეს აფხაზეთის თეატრ. საზ-ბის თავ-რედ. სხვადასხვა დროს შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სი-ფინი (ცაო-იუს „ტაიფუნი“), ევა (რ. ებრალიძის „თანამედროვე ტრაგედია“), ფრაუ კაროლინა (კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“), პატარძალი (ფ. გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი“), გულთამზე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), ნატალია (ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“) და სხვ. სოხუმის ქართული თეატრის სცენაზე განასახიერა ტურფა (ა. წერეთლის „პატარა კახი“).

კ-მ აფხაზურ ენაზე თარგმნა ნ. დუმბაძის მოთხრობები („მზე“, „სისხლი“), თ. ლანჩავას „სიზმრების გამყიდველი“ და სხვ. აფხ. თეატრის სცენაზე დადგა ნ. ტარბას „მზის ასული“. გადაღებულია ფილმში „ჩეგემური დეტექტივი“ (რეჟ. ა. სვეტლოვი, 1986).