კოშკი, გეგმით მართკუთხედის, მრავალკუთხედის ან წრის ფორმის ნაგებობა, რომლის სიმაღლე ბევრად მეტია მის ჰორიზონტალურ ზომებზე (დიამეტრზე, ფუძის გვერდზე და სხვ.). კ. აღმართულია განცალკევებით ან შენობის ნაწილია. თავდაპირველად თავდაცვითი დანიშნულება ჰქონდა, შემდეგ იყენებდნენ როგორც არქიტ. ელემენტს (სამრეკლო, მინარეთი, რატუშის საათიანი კ., შუქურა), საინჟინრო ნაგებობას (წყალსაწნევი კ., რადიო- და ტელეანძა), აგრეთვე კოსმ. ტექნიკაში (ე. წ. მომსახურების კ.). კომპოზიციურად კ. ხშირად ქალაქის ხუროთმოძღვრული დომინანტია. ცნობილია პიზის დახრილი კოშკი (1174–1372, სიმაღლე 56,7 მ), წმ. მარკოზის ტაძრის კამპანელე (სამრეკლო) პიაცა დი სან-მარკოზე ვენეციაში (888– 1517, დაინგრა 1902, აღადგინეს 1912, სიმაღლე 98,6 მ), მოსკ. კრემლის კ-ები (XV–XVII სს.), ეიფელის კ. (1889, სიმაღლე ანტენის გარეშე დაახლ. 300 მ, ინჟ. გ. ეიფელი, პარიზი). თანამედროვე კ-ს აგებენ ფოლადის, ხის, რკინაბეტონისა და ქვისგან მეტეოროლ. დატვირთვის (ქარი, ტემპ-რა, შემოყინვა) გათვალისწინებით.
ტერმინი კ. ქართ. წყაროებში XI ს-იდან გვხვდება. მანამდე უწოდებდნენ გოდოლს, მურყვამს. საქართველოში ძირითადად გავრცელებული იყო მართკუთხა ან მრგვალი, აგრეთვე ზურგიანი (ერთი ბრტყელი ფასადი და მომრგვალებული ზურგი) კ-ები. სახურავის ფორმისა და საბრძოლო მნიშვნელობის დეტალების მიხედვით გვხვდება 1. ციხე-კოშკები, რ-თაც ბანიანი სახურავი და ქონგურებიანი პარაპეტი აქვს (უპირატესად ქართლ-კახეთის ბარში); 2. ორფერდასახურავიანი კ-ები, რ-თაგან ზოგს საბრძოლო ჩარდახები (თუშეთი, ფშავ-ხევსურეთი) ან დუროები (სვანეთი, რაჭა) აქვს; 3. სიპედიანი კ-ები, საფეხუროვან-პირამიდული სახურავითა და ჩარდახებით (ხევსურეთი, თუშეთი). დუროებიანი და სიპედიანი კ-ების (სიმაღლე ზოგჯერ 25 მ) კომპოზიციის ფორმები უნიკალურია და კავკასიის გარდა არსად გვხვდება. კ-ს საცხოვრებლადაც იყენებდნენ. ჩვეულებრივ ეს იყო 3–5-სართულიანი ნაგებობა ბოსლითა (ქვედა სართულში) და საბრძოლო ბაქნით (ზედა სართულში). სვანეთში (მესტია, უშგული), ხევსურეთში (შატილი, მუცო), თუშეთში (ომალო, დართლო), ზემო რაჭაში (ღები, ჭიორა) კოშკურა სახლის რამდენიმე ტიპით შექმნილია რელიეფთან შესანიშნავად შეხამებული ანსამბლები. ქართლ-კახეთში გვიანდ. ფეოდ. ხანის საგვარეულო კ-ების I სართულზე მარანს აწყობდნენ.
ლ. სუმბაძე