კოხი (Coch) კარლ ჰაინრიხ ემილ (6. VI. 1809, ეტერსბურგი (ვაიმარი), – 25. V. 1879, ბერლინი), გერმანელი ბოტანიკოსი, დენდროლოგიის ფუძემდებელი. სწავლობდა იენისა და ვიერცბურგის უნ-ებში. ცნობილია ბოტანიკური გამოკვლევებით კავკასიის რეგიონსა და ჩრდ.-აღმ. თურქეთში. 1834-იდან მუშაობდა იენის უნ-ტში პროფესორი (1836-იდან). 1836–38 პირველად იმოგზაურა აღმოსავლეთში, რ-ის შედეგები გამოაქვეყნა წიგნში „მოგზაურობა რუსეთსა და კავკასიაში“ (2 ტომი, შტუდგარტი). მოინახულა კავკასია (სამეგრელოდან ბათუმამდე), სომხეთის ჩრდ. ნაწილი, სპარსეთის ზეგანი და არარატი. II ტომში დაწვრილებით არის აღწერილი საქართვ. სამხ. გზა, ქართლის, გურიის, რაჭის, იმერეთის, სამეგრელოსა და ბორჩალოს ფლორა. 1843–44 კ. მეორედ გაემგზავრა აღმოსავლეთში. ეს მოგზაურობა აღწერა წიგნში „მოგზაურობა აღმოსავლეთში“ (3 ტომი, ვაიმარი). 1855 კ-მა გამოსცა კრებული „კავკასიის ქვეყნები და სომხეთი“, რ-იც შედგება 5 თავისაგან. მასში გაერთიანებულია 5 სხვადასხვა ავტორის თხზულებები. ჩვენთვის საინტერესოა კ-ის თხზ. „მოგზაურობა რედუტ-კალედან ტრაპიზონამდე (კოლხეთი და ლაზების ქვეყანა)“ და „ბრძოლის ველზე გასვლა“. პირველი თხზულება შედგება 5 ნაწილისაგან. კ. კარგად იცნობდა საქართველოს, მას უძველესი კულტურისა და ისტ. მქონე ქვეყნად მიიჩნევდა. მისი აზრით, ეს ის ქვეყანაა, რ-იც „კავკასიის და მისი დიდებული მთების ყველა ხალხის არა მხოლოდ ნომინალური, არამედ ფაქტიური მმართველი იყო“. კ. დაწვრილებით გვაცნობს ბაგრატიონთა დინასტიის გენეალოგიას და მის ათასწლოვან ისტორიას. დეტალურად მოგვითხრობს გიორგი XII-ის ქვრივ მარიამ დედოფალსა (იხ. მარიამი) და ი. ლაზარევს შორის მომხდარ ტრაგედიაზე. გადმოსცემს კავკასიის მთავარმართებლების მიერ გატარებულ ცარიზმის პოლიტიკას, დეტალურად აღწერს კავკასიის საომარ ველზე მომხდარ ამბებსაც.
კ. აღწერს თითოეულ მხარეს, მის ადგილმდებარეობას, პუნქტებს შორის მანძილს, ბუნებას, მცენარეულ საფარს, კლიმატს, ნიადაგს, მოსახლეობას, მათ წეს-ჩვეულებებს, ყოფას, მეურნეობას და ა. შ. სხვა კუთხეებიდან გამოარჩევს კახეთს და უფრო გაშენებულ, აყვავებულ მხარედ მიაჩნია. იგი წერს: „სოფლები ისე მისდევდა ერთი-მეორეს, განსაკუთრებით შილდიდან, რომ ერთ გაბმულ ვენახს წააგავდა“. კ-ზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა გურიამაც. მისი თქმით, ეს არის „არაჩვეულებრივად ნაყოფიერი მხარე“. გურული ღვინო, კ-ის აზრით, კახურის შემდეგ ყველაზე კარგია და მეტად ფასობს სამხრ. კავკასიაში. ზღვის სანაპიროზე ყველაზე საიმედო და მნიშვნელოვან ქალაქად ბათუმს თვლის. კ. დაწვრილებით აღგვიწერს მტკვრის დაბლობზე მდებარე გერმ. კოლონიას, რ-იც მარიენფელდის სახელით იყო ცნობილი: „ყველა სახლი სტანდარტულია, ირგვლივ ბაღებით გარშემორტყმული. საუცხოოდ მოვლილი ხეხილის ბაღების გარდა, მათ აქ გაუშენებიათ ყვავილნარი და ბოსტნები“, საგანგებოდ ჩერდება კ. ტყვეებით ვაჭრობაზე, რ-იც ძველთაგანვე ახალციხის მთავარ ბაზარში იმართებოდა.
თხზ.: Reise durch Russland nach dem Koukas, Isthmus, 1842 – 43.
ლიტ.: კ. კოხისა და რ. სპენსერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ლონდა მამაცაშვილმა, 1981; საქართველოს ისტორიის ნარკვევვები, ტ. 4., თბ., 1973; შამილაძე ვ., მიმინოშვილი ო., ქართული ეთნოლოგიის ისტორია, I, თბ; 2009.
ც. ყიფიანი