კოხინჯრობა

კოხინჯრობა, კოხიჯვრობა, სეტყვა-კოხის საწინააღმდეგო სახალხო რელიგიური დღესასწაული. ცნობილი იყო საქართვ. თითქმის ყველა კუთხეში (სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი, გურია, იმერეთი, ქართლი, კახეთი). კ-ის დღესასწაულზე ქალები ღვთის სადიდებლად დადიოდნენ, აგროვებდნენ საწირავს (პური, ფქვილი, კაკალი, ყველი, ზოგჯერ ფული) და „საღვთოს“ იხდიდნენ, რათა ნათესები ქარ-სეტყვას არ გაენადგურებინა. კ. დიდი უქმე იყო, ამ დღეს არ მუშაობდნენ, მიწას „არ შეანძრევდნენ“ იმის შიშით, რომ მოსავალი არ დასეტყვილიყო; არც თითისტარს დაატრიალებდნენ. გარდა ამისა, ყოველი ორშაბათი აღდგომიდან ამაღლებამდე ქარ-სეტყვის საწინააღმდეგოდ იყო შეწირული. ძველად, თბილისში, ზატიკის პერიოდში (აღდგომიდან ამაღლებამდე) ამქრები უქმობდნენ, რიგ-რიგობით „საღვთო“, ანუ ღვთისა და წმინდანებისადმი სამადლობელ-სავედრებელ სუფრას იხდიდნენ, „საღვთოს“ ნაწილს პატიმრებს, ქვრივ-ობლებს და ხეიბრებს უგზავნიდნენ. მათი შეხედულებით, ამ რიტუალის შესრულება მოსავალს სეტყვისა და კალიებისაგან დაიცავდა. კახეთში ამ დღეს „კოხიანობას“ უწოდებდნენ. ფრონეს ხეობაში (შიდა ქართლი) სოფ. დვანის სალოცავს ხალხი წმ. გიორგი კოხისჯვრისას უწოდებდა, სადაც „კოხიჯვრობის“ დღეობა იმართებოდა.

კ-ის ჩატარების კალენდარულ დღედ 7 მაისი (ძვ. სტ) ითვლებოდა, რ-იც საეკლ. ტრადიციით ჯვარჩინების დღეა. ხალხ. წარმოდგენებით, ამ დღეს მოსულ წვიმას სასწაულებრივი სამკურნალო და გამანაყოფიერებული ძალა გააჩნდა.

ლიტ.: აბაკელია ნ., ალავერდაშვილი ქ., ღამბაშიძე ნ., ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, თბ., 1991; ალავერდაშვილი ქ., ღამბაშიძე ნ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა, თბ., 2018; მაკალათია ს., ფრონეს ხეობა, თბ., 1963.

გ. ჩინჩალაძე