კოჯიმა იასუჰირო (დ. 18. II. 1976, ქ. ავარა, ფუკუის პრეფექტურა, იაპონია), იაპონელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, კავკასიოლოგი, მთარგმნელი. 1994–98 სწავლობდა ტოკიოს უნ-ტში ზოგადი ენათმეცნიერების განხრით, 1998–2006 – ამავე უნ-ტის ასპირანტურაში. ქართ. ენით სტუდენტობისას დაინტერესდა. 2002 დაამთავრა თსუ-ის ასპირანტურა. ფლობს ქართულ, მეგრულ-ჭანურ და სვანურ ენებს. კ. ტოკიოს უცხო ენათა ინ-ტში იაპონელებს ასწავლის ქართ. ენას. 2013 დაჯილდოვდა საქ. პრეზიდენტის მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“. კ-მ იაპონურად თარგმნა ვაჟა-ფშაველას პოემები „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „გველისმჭამელი“ და რამდენიმე მოთხრობა; აგრეთვე ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“; მ. ჯავახიშვილის, კ. გამსახურდიას, გ. ლეონიძის, გ. რჩეულიშვილის, გ. ჩოხელის, ლ. თაბუკაშვილის ნაწარმოებები. 2011 იაპ. ენაზე გამოსცა ქართული ენის სახელმძღვანელო.
ს. მეტრეველი