კოჯორი

კოჯრის ციხე

კოჯორი, დაბა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (მთაწმინდის რ-ნი). 2007-მდე შედიოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის განშტოებაზე. ზ. დ. 1350 მ. 1232 მცხ. (2014) (იხ. სტ. თბილისის კურორტების ჯგუფი).

კ-ის ტერიტორიაზე შემორჩენილია შვერილაფსიდიანი ერთნავიანი ეკლესია, მის სამხრ-ით კი აღმოჩენილია შეისრულკამარიანი ნაგებობა. დაბის სამხრ-ით, აზეულის მთის ქიმზე, დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი კოჯრის ციხესიმაგრე (აგარანი, აზეულის ციხე). შემორჩენილია გალავნისა და მის (სამხრ.-დას. და ჩრდ.-აღმ.) ბოლოებში აღმართული ორი მრგვალი კოშკის ნანგრევები. ციხესიმაგრე ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. იგი მრავალჯერ არის შეკეთებული და განახლებული. მისი უძველესი ფენა არაუგვიანეს XI ს. II ნახ. მიეკუთვნება, ხოლო დღემდე მოღწეული ნაგებობები და კედლის ფრაგმენტები XVI–XVIII სს-ით თარიღდება.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964; ქართლის ცხოვრება ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; Р., Т., Окрестности Тбилиси, Тб., 1960.

ვ. დოლიძე

გ. უშვერიძე