კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლები

კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლები 1921, ბრძოლა რუსეთ-საქართველოს 1921 წ. ომში (19–24 თებ.) ქართ. სამხ. სკოლასა და რუს. მე-11 არმიის ნაწილებს შორის, თბილისის ფრონტის კოჯორ-ტაბახმელის მონაკვეთზე, თბილისის დაცვის ნაწილი. ომის პირველ ეტაპზე (11–16 თებ.) მოულოდნელი თავდასხმით ბოლშევიკური რუს. ჯარებმა თავდაპირველად დიდი უპირატესობა მოიპოვეს. 18 თებერვალს დაიწყო თბილისთან ბრძოლა. სოღანლუღის ფრონტის მონაკვეთზე (სარდალი – გენ. გ. მაზნიაშვილი) ქართველებმა პირველ სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. მარცხის მიუხედავად, რუსებმა დაუყოვნებლივ შეცვალეს შეტევის მიმართულება და საარტ. მომზადების შემდეგ ტაბახმელაზე (სექტორის უფროსი – გენ. ა. ანდრონიკაშვილი) მიიტანეს იერიში. ბოლშევიკებმა სამხ. სკოლის (160 იუნკერი და 350 ნაცვალი, 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი, უფროსი – პოლკ. ა. ჩხეიძე) წინააღმდეგობა ვერ გატეხეს, მაგრამ რადგან რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ, ფრონტის ხაზი გააგრძელეს და იუნკერთა პოზიციებს ფლანგიდან მოუარეს. ბოლშევიკები თითქმის დაუცველ კოჯორში შეიჭრნენ და ზურგიდან დაემუქრნენ იუნკერთა პოზიციებს. კრიტიკულ მომენტში, პოლკ. ა. ჩხეიძის ინიციატივით, იუნკრებმა ძალები გადააჯგუფეს; მაიორ ბახუტაშვილის ბატარეამ პირდაპირი დამიზნებით ცეცხლი გაუხსნა ბოლშევიკებს. იუნკრების ერთმა გუნდმა კაპიტან ი. თოიძის მეთაურობით (სულ 23 კაცი) კონტრშეტევით შეაჩერა მოწინააღმდეგე (ამ ბრძოლაში გმირულად დაეცა კაპიტანი ი. თოიძე, დაიღუპა და დაიჭრა 8 იუნკერი). ამან მთავარსარდალს საპასუხო ზომების მიღების დრო მისცა. 20 თებ., არმიისა და გვარდიის ნაწილების საერთო შეტევით ქართველებმა კოჯორი დაიბრუნეს და ფრონტის ხაზის მთლიანობა აღადგინეს. რუსებმა დაკარგეს 4 ქვემეხი, 15-მდე ტყვიამფრქვევი, ჯავშანავტომობილი. მოწინააღმდეგის ასამდე მეომარი ტყვედ ჩავარდა. 20–23 თებ. განმავლობაში სამხ. სკოლის მებრძოლები ურყევად იდგნენ თავიანთ პოზიციებზე. განსაკუთრებით მძიმე მომენტებში რეზერვში მყოფი იუნკრები კონტრიერიშით აღადგენდნენ საწყის მდგომარეობას. 24 თებ. დამხმარე ნაწილებით გაძლიერებული მე-11 არმია ფრონტის ყველა უბანზე გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. ბაქოდან გადმოსროლილი წითელი კურსანტების აღმოსავლეთის ბრიგადა დარჩენილ იუნკრებს (მათ რიგებში მხოლოდ 85–90 ბრძოლისუნარიანი კაცი იყო დარჩენილი) ტაბახმელაში დაუპირისპირდა. რუსებმა ფრონტის ხაზი გაარღვიეს და ლეიტენანტ გ. ალექსი-მესხიშვილის ბატარეას შეუტიეს. ჯარისკაცები არ შედრკნენ და უთანასწორო ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ. რუსების შეტევა შეჩერდა. იუნკრებმა ზურგიდან შეუტიეს მტერს და უკუაქციეს. მტრის ტყვიამფრქვევის ხელში ჩაგდებისას გმირულად დაეცა იუნკერი შ. ერისთავი. დღის ბოლომდე სამხ. სკოლამ რუსების ყველა იერიში მოიგერია და მხოლოდ უკან დახევის საერთო ბრძანების შემდეგ დატოვა პოზიციები. კ.-ტ. ბ-ში სამხ. სკოლამ 2 ოფიცერი და 10 იუნკერი დაკარგა, 7 ოფიცერი და 43 იუნკერი დაიჭრა; ნაცვალთა ათასეულმა დაჭრილ-დახოცილთა სახით შემადგენლობის დაახლ. 40 % დაკარგა. იუნკრები (მ. შ. მ. მაყაშვილი) რუთაველზე, დღევანდელი პარლამენტის შენობის ადგილას მდებარე რუსული ეკლესიის (დაანგრიეს 1933) ეზოში დაკრძალეს.საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე არის მემორიალური დაფა, კოჯორში – მემორიალური ძეგლი.

ლიტ.: ბახტაძე მ., 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან, თბ., 2013; კვინიტაძე გ., მოგონებები, ტ. 1–2, თბ., 2014; მაზნიაშვილი გ., მოგონებები, თბ., 1990; ჩხეიძე ა., სამხედრო სკოლა, პარიზი, 1933.

მ. წურწუმია