კოჯრის ქედი

კოჯრის ქედი, თრიალეთის ქედის სამხრ.-აღმ. განშტოება, მდ-ების, ვერისა და ალგეთის წყალგამყოფი. დას-ით ებმის საყარაულოს ქედს, აღმ-ით – თელეთისას. იწყება სოფ. ტაბახმელის მიდამოებიდან (აღმ.) და გრძელდება მდ. კვესეთისწყლის (ვერის მარჯვ. შენაკადი) სათავემდე. სიმაღლე – 1514 მ-მდე. აგებულია ეოცენური და ტუფოგენური ქვიშაქვებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ფიქლებით. კალთები ძლიერ დანაწევრებულია. ჭარბობს მთა-ტყის ლანდშაფტი. მოვაკებულ თხემზე შუაეოცენური ანდეზიტ-ბაზალტური ლავები კოშკის ან გუმბათისმაგვარ ფორმებს ქმნის. ქედის სამხრ. კალთაზეა მწვ. აზეულა. თხემურ ნაწილში გაშენებულია კურორტები – კოჯორი და კიკეთი, ჩრდ. კალთაზე – წავკისი, შინდისი, კვესეთი.

დ. უკლება