კრაზანა (Hypericum), მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახებისა და ბუჩქბალახების გვარი კრაზანისებრთა ოჯახისა. 300-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში, ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირეთში, აგრეთვე ტროპიკების მთებში. საქართველოში გვხვდება 19 სახეობა. ჩვეულებრივი კ. (H. perforatum) ფართოდ გავრცელებული მცენარეა. გვხვდება ბარიდან ალპურ სარტყლამდე. მის მიწისზედა ნაწილებს ახმობენ და ამზადებენ ნაყენს (შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებსა და ეთერზეთებს), რ-ებსაც იყენებენ მედიცინაში. კ-ის ზოგი სახეობა მომწამვლელია ცხვრისა და ცხენისათვის. მრავალი სახეობა გამოიყენება როგორც დეკორატიული მცენარე.