კრამიტი

კრამიტი, გამომწვარი თიხის (თიხის კ.), ცემენტქვიშის ხსნარის (ცემენტის კ.) ან (იშვიათად) კირქვიშის ხსნარისაგან (სილიკატური კ.) დამზადებული ცალობითი საბურულე მასალა. ფორმისა და დაწნეხის მეთოდის მიხედვით კ. არის კილოებიანი (დაშტამპული და ლენტური) და ბრტყელი (ლენტური). კ-ს ქვემოდან უკეთებენ ხვრეტიან კოტას სახურავის ლარტყაზე მოსადებად და მისამაგრებლად. კ. ხანგამძლე და ცეცხლმედეგია. ამასთანავე, მცირეა მისი საექსპლუატაციო ხარჯი, მაგრამ სიმძიმის, სიმყიფის, ასევე სახურავის მკვეთრი დაქანების აუცილებლობის გამო აძვირებს სამშენებლო კონსტრუქციას.

ვარაუდობენ, რომ კ-ის დამზადება უძველესი დროიდან დაიწყო, ჯერ კიდევ ძვ. წ. VI ს-ში მისი წარმოება საბერძნეთში უკვე სავსებით ჩამოყალიბებული იყო. ერთდროულად იყენებდნენ 2 სახის კ-ს – ბრტყელსა და ღარისებრს. ბრტყელ, გვერდებაწეულ კ-ს გვერდიგვერდ აწყობდნენ სახურავზე, ყოველი ზედა რიგის ქვედა ბოლო გადადიოდა ქვედა რიგის კ-ზე, ღარისებრ კ-ს კი აფარებდნენ ბრტყელი კ-ის გვერდით წიბოებს. სახურავის კეხს ზოგჯერ სპეც. კეხის კ-ით ხურავდნენ. სახურავის ქვედა რიგის ღარისებრი კ-ის ქვედა ბოლოს ხშირად ჰქონდა დეკორ. რელიეფი, რ-საც ანტეფიქსს უწოდებდნენ. კ. საბერძნეთიდან სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, განსაკუთრებით ელინისტურ ხანაში. ძვ. რომში შემოიღეს უფრო ეკონ. S-ებრი განივკვეთის კ.; ხმარობდნენ ღარისებრსაც, რ-საც სახურავზე წაღმა-უკუღმა აწყობდნენ. როგორც S-ებრი, ისე ღარისებრი კ. დას. ევროპაში ბოლო დრომდე შემორჩა, პირველი – ესპანური, ხოლო მეორე თურქული კ-ის სახელწოდებით. ორივე ტიპი გავრცელდა ამერიკაშიც.

ძვ. ჩინეთსა და იაპონიაში იმავე ტიპის კ. იყო გავრცელებული, როგორიც ძვ. საბერძნეთში, ოღონდ ჩინური და იაპონური კ. კაშკაშა ფერადი ჭიქურითაა დაფარული. ჩინეთში ტაძრებისათვის უპირატესად ყვითელ კ-ს იყენებდნენ, იაპონიის ბუდისტურ ტაძრებს კი ხურავდნენ რუხი ფერის კ-ით, რ-იც დაფარული იყო სპეც. საღებავით – ლუსტრით.

საქართველოში კ. გავრცელდა ძვ. წ. IV ს. ბოლოს შავიზღვისპირეთის ბერძნ. ახალშენებიდან. კ-ის ქართ. სახელწოდებაც ძვ. ბერძნულიდან მომდინარეობს (keramidos). ანტ. ხანის ქართ. (ე. წ. მცხეთური) კ. ბერძნ. პროტოტიპებისაგან განსხვავდება კონსტრუქციის ცალკეული დეტალებით, ნაწილობრივ დამზადების ტექნიკითაც. ანტ. ხანის საქართველოში კ. წითლად იყო შეღებილი. იბერიაში კრამიტის სახურავებიანი სახლების შესახებ ჯერ კიდევ ა. წ. I ს-ში ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი საუბრობს. უძველესი კ. აღმოჩნდა ვანში, სამადლოში, მცხეთაში. გვიანდ. ანტ. ხანაში მისი წარმოება ფართოდ გავრცელდა მთელ საქართველოში. შუა საუკუნეებში კ-ის ტიპი არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა მისი ფერადი (მწვანე, ცისფერი და სხვ.) ჭიქურით დაფარვის წესი. ასეთი კ-ით იხურებოდა საკულტო ნაგებობები, რაც დასტურდება ბაგინეთის, ვანისა და ურეკის არქეოლ. ძეგლებით. მოჭიქული კ-ით გადახურული ყოფილა ალავერდის ტაძარი და ლურჯი მონასტერი. საქართველოს ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმის კერამიკის ფონდში დაცულია სოფ. შროშიდან ჩამოტანილი ლურჯად მოჭიქული კ.

მოუჭიქავ კ-ებზე ზოგჯერ გვხვდება წარწერები, ზოგჯერ კი სხვადასხვა სახეა ამოტვიფრული. ხშირია რელიეფურგამოსახულებიანი და წარწერებიანი დეკორატიული ანტეფიქსები. შედარებით იშვიათად იყენებდნენ ღარისებრ კ-ებსაც, რ-ებსაც სახურავზე წაღმა-უკუღმა აწყობდნენ. ამ ტიპის კ. აღმ. საქართველოში დღესაც კახური კ-ის სახელწოდებითაა ცნობილი. მის პარალელურად ბოლო დრომდე გამოიყენება თევზის ქერცლის ფორმის ბრტყელი კ., რ-იც ქართული კ-ის სახელითაა ცნობილი. საქართველოში აწარმოებდნენ „ქსნურ კრამიტს“, რ-საც იტალიურ კ-საც უწოდებენ (საკრამიტე ქარხანა სოფ. ქსანში იტალიელს აუშენებია და სახელიც აქედან მომდინარეობს). სოფ. ქსანში დამზადებული კ. მთელ საქართველოში ვრცელდებოდა.

მეკრამიტეთა საქმიანობა თიხის გახმობა-დალბობით იწყება – დაზელილ თიხას აბრტყელებენ და მოსუფთავებულ სოხანეზე თხლად აკრავენ, გაბრტყელებული თიხის შუაგულში მარცხენა ფეხს დააბჯენენ, მარჯვენა ფეხის ქუსლის ცემით ირგვლივ შემოუვლიან, ქუსლითვე თიხას ანაწილებენ და შლამმოყრილ დაზგაზე გუნდებად აწყობენ, შემდეგ საკრამიტე მასას ხელით უხეშ მინარევებს აცილებენ. აქედან იწყება კ-ის მოჭრა ყალიბის საშუალებით. ყალიბში გამოყვანილი და ზედაპირგადასწორებული თიხა ე. წ. ქობუნაზე გადააქვთ, რის შემდეგაც გამოწვავენ.

XX ს. დასაწყისიდან საქართველოში დაიწყო ევროპული, ე. წ. მარსელური კ-ის ქარხნული წარმოება.

ლიტ.: ბოჭორიშვილი ლ., ქართული კერამიკა, ტ. 1-კახური, თბ., 1941; ბ ო ხ ო ჩ ა ძ ე  ა., რუსთაველის ეპოქის სამშენებლო კერამიკა ძველ საქართველოში, თბ., 1968; ზანდუკელი მ., ქართული კერამიკა, თბ., 1982.

ი. გაგოშიძე

მ. ზანდუკელი