დუდაევი ჯოჰარ (15. II. 1944, იალხორი, – 22. IV. 1996, სოფ. გეხიჩუ, ურუს-მარტანის რ-ნი), ჩაჩნეთის (იჩქერიის) რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, საბჭოთა არმიის ავიაციის გენერალ-მაიორი (1989).
1944 მისი ოჯახი გადაასახლეს ყაზახეთში. 1957 დაბრუნდა სამშობლოში. 1966 დაამთავრა ტამბოვის შორეული ავიაციის მფრინავთა უმაღლესი სამხ. სასწავლებელი (სპეციალობა – მფრინავი-ინჟინერი), 1974 – ი. გაგარინის სახ. სამხ.-საჰაერო აკადემია. მსახურობდა პოლტავისა და ტარტუს გარნიზონებში. 1990 დაბრუნდა გროზნოში. დაინიშნა ჩაჩანი ხალხის კონგრესის ორგანიზაციის აღმასკომის თავ-რედ.
1991 წ. 27 ოქტ. ხმების დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ადგილობრივ საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩაჩნეთის ომის დროს ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ ჯგუფებს რუს. ფედერალური არმიის წინააღმდეგ. რუს. სპეცსამსახურებმა მასზე არაერთხელ მოაწყვეს თავდასხმა. დაიღუპა ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს.
დ-ს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ყოფ. პრეზიდენტთან – ზ. გამსახურდიასთან. მხარს უჭერდა საერთო კავკასიური სახლის შექმნის იდეას. თბილისში მომხდარი 1991–92 მოვლენების შემდეგ დ-მა თავის ქვეყანაში შეიფარა ზ. გამსახურდია და მისი მომხრეები.