კრასნოვი ანდრეი ნიკოლოზის ძე

კრასნოვი ანდრეი ნიკოლოზის ძე [27. X (8. XI), 1862, პეტერბურგი, – 19. XII. 1914 (1. I. 1915), თბილისი], რუსი ბოტანიკოსი, ნიადაგმცოდნე, გეოგრაფი, პალეობოტანიკოსი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დამაარსებელი და დირექტორი (1912–14, დაკრძალულია იქვე). რუსეთში გეოგრაფიის პირველი დოქტორი, რ-მაც დისერტაცია საჯაროდ დაიცვა (1894, მოსკოვის უნ-ტი). ხარკოვის უნ-ტის ფიზ. გეოგრაფიისა და ანთროპოგეოგრაფიის კათედრის დამაარსებელი და პროფესორი (1889–1911). კ-ის ძირითად შრომებში ასახულია შუა აზიის, ჩრდ. ნახევარსფეროს ველების, აზიის სუბტროპ. მეჩაიეობის რ-ნების მცენარეულობა და მათი ისტ. განვითარება. კ. კავკასიაში სუბტროპიკული მიწათმოქმედების, ჩაისა და ციტრუსების კულტურების გაშენების ერთ-ერთი პიონერია. მან ხელი შეუწყო ბათუმის ოლქში ჩაის კულტურის დანერგვას. სტუდენტებთან ერთად იმოგზაურა სვანეთში (1890). მონაწილეობდა არაერთ ექსპედიციაში – ტიან-შანში, ჩრდ. ამერიკაში, აღმოსავლეთისა და სამხრ. აზიის ქვეყნებში (იაპონია, ჩინეთი, იავა, ინდოეთი, ცეილონი).

თხზ.: География растений, Харьков., 1899.

ლიტ.: Бейлин И. Г., Парнес В. А., Андрей Николаевич Краснов, М., 1968.