კრატერი

წითელფიგურებიანი კრატერი

კრატერი [ძვ. ბერძნ. (kerannymi) – ვაზავებ], ანტიკურ საბერძნეთში ლითონის ან თიხისაგან დამზადებული დიდი ზომის ფართოპირიანი ორყურა ჭურჭელი განიერი ტანითა და ქუსლით. განკუთვნილი იყო ღვინის წყლით გასაზავებლად. არსებობს კ-ის 4 ძირითადი ტიპი: ზარისებრი – აქვს ამოტრიალებული ზარის ფორმის ტანი; ჯამისებრი – ჯამის ფორმის ტანითა და მაღალი ყელით; ვოლუტისებურყურიანი და სვეტისებურყურიანი – მათ პირსა და მხარზე დაძერწილია შესაბამისი ფორმის ორ-ორი ყური. თიხის კ-ები მოხატულია, ლითონისა კი – რელიეფებით შემკული. ორივე შემთხვევაში წამყვანია სიუჟეტები ბერძ. მითოლოგიიდან, თეატრ. და სპორტული ღონისძიებებიდან, აგრეთვე გამოსახულია ყოფითი ცხოვრების ამსახველი სცენები.

ტრადიციულად, ანტ. საბერძნეთში ღვინოს წყლით აზავებდნენ: გაუზავებელი ღვინის დალევა ლოთობად და მიუღებელ საქციელად მიიჩნეოდა. გაზავება ხდებოდა კ-ში, რ-იც, ძირითადად, სასადილო ოთახის ცენტრში იდგა. როდესაც წინ ხანგრძლივი საუბარი ელოდათ, ღვინოს 1:3, ხოლო სადღესასწაულო და სამხიარულო სუფრის შემთხვევაში 1:2 პროპორციით აზავებდნენ.

საქართველოში კ-ის ნიმუშები აღმოჩენილია ფიჭვნარსა (ქობულეთი) და გიენოსში (ოჩამჩირე). ფიჭვნარში ნაპოვნია ადრეკლასიკური ხანის წითელფიგურებიანი ჯამისებრი კ., რ-საც აქვს შედარებით პატარა მოცულობის ტანი, სუსტად გამოყოფილი, მხრებიდან აზიდული ყურები, მაღალი, გაშლილი ყელი და ფართო ლილვისებური გვირგვინით დასრულებული პირი. პირი შემკულია ვოლუტებიანი პალმეტებისა და ლოტოსის ყვავილების ჰორიზონტალური ზოლით, ყელი კი დაფარულია ორფრიზიანი მხატვრობით. ზედა ფრიზის წინა მხარეს თეზევსის მიერ ელენეს მოტაცების სცენაა აღბეჭდილი, უკანა მხარეს კი – სასიყვარულო მიდევნება – ფრთოსანი ქალღმერთი ეოსი მისდევს ჩანგიან ჭაბუკ კეფალოსს. ფიჭვნარის წითელფიგურული კ-ის ქვედა ფრიზის წინა მხარეს ამშვენებს მითი ტრიპტოლემოსის, დემეტრესა და პერსეფონეს შესახებ, ხოლო ფრიზის უკანა მხარეს გამოსახული არიან ტახტზე წამოწოლილი მამაკაცები და მათი გამრთობი ქალები. გიენოსში აღმოჩენილი კ. ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. მათზე კარგად იკითხება დიონისეს გამოსახულება მხლებლებთან ერთად მტევნებიანი ვაზის ლერწმის ფონზე.

ლიტ.: კახიძე ა., ანტიკური მონუმენტური ვაზათმომხატველობის ნიმუშები ფიჭვნარიდან (წითელფიგურული კრატერი), „ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები“, №6, ბათ., 2015; Rolleston J. D., Alcoholism in classical antiquity. Br J Inebriety 1927, p. 24.

ს. ბუგიანიშვილი